გერმანული ტექნოლოგიური კომპანია DeepL, რომელიც ტექსტური თარგმანის სფეროში გლობალურ ლიდერად ითვლება, ახალ სტრატეგიულ ნაბიჯს დგამს. კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა სტარტაპ Mixhalo-ს შეძენის შესახებ. ეს უკანასკნელი ცნობილია ცოცხალი ღონისძიებების აუდიოსტრიმინგის ტექნოლოგიით, რომელიც დამსწრეებს საშუალებას აძლევს, გამომსვლელების სიტყვა რეალურ დროში, მაღალი ხარისხით მოისმინონ.

პრობლემა, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვდა

დიდ კონფერენციებსა და პანელურ დისკუსიებზე ხშირია შემთხვევა, როდესაც სპიკერები მათთვის მშობლიურ ენაზე საუბრობენ, რაც აუდიტორიის ნაწილისთვის გაუგებარი რჩება. დამსწრეები ხშირად იძულებულნი არიან, სმარტფონებში სხვადასხვა სათარგმნი აპლიკაციები ჩართონ, რაც არცთუ ისე ეფექტურია. Mixhalo-ს ტექნოლოგია სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს.

Mixhalo-ს ისტორია და განვითარება

სტარტაპი 2016 წელს დააარსეს Incubus-ის გიტარისტმა მაიკ აინზიგერმა, მევიოლინე ენ მარი სიმპსონ-აინზიგერმა და ვიკ სინგმა. კომპანიამ თავდაპირველად კონცერტებზე აუდიო-გამოცდილების გაუმჯობესება მიზნად დაისახა, თუმცა წლების განმავლობაში სპორტული და სხვა მასშტაბური ღონისძიებების რეალურ დროში აუდიო-მხარდაჭერის პლატფორმად გარდაიქმნა.

სტარტაპმა არსებობის განმავლობაში 39 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა ისეთი ფონდებისგან, როგორებიცაა Founders Fund და Fortress Investment. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ვიკ სინგის თქმით, DeepL-თან გარიგება ბუნებრივი პროცესი იყო, რადგან Mixhalo უკვე იყენებდა გერმანული კომპანიის სათარგმნ სერვისებს.

სტრატეგიული გაფართოება

DeepL-ის აღმასრულებელი დირექტორის, იარეკ კუტილოვსკის განცხადებით, ეს შენაძენი კომპანიას საშუალებას მისცემს, საკუთარი ტექნოლოგიის ეფექტურობა ცოცხალ გარემოში, მაგალითად, კონფერენციებზე დაამტკიცოს. DeepL-მა უკვე გაააქტიურა ხმოვანი თარგმანის ფუნქცია 33-ზე მეტ ენაზე, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში ხმოვან-ხმოვან თარგმანის პაკეტიც წარადგინა, რაც მრავალენოვანი შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი.

შეთანხმების ფარგლებში, DeepL სან-ფრანცისკოში ახალ ოფისს ხსნის, რაც კომპანიის აშშ-ში ოპერირების გაფართოებას ისახავს მიზნად. ეს ნაბიჯი გერმანულ კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, კონკურენცია გაუწიოს ისეთ მოთამაშეებს, როგორებიცაა Wordly AI და Palabra.