ხელოვნური ინტელექტის უახლესმა მოდელებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში ძალთა ბალანსი რადიკალურად შეცვალა. Immunefi-ს აღმასრულებელი დირექტორის, მიჩელ ამადორის თქმით, ტექნოლოგიურმა პროგრესმა გამოიწვია ე.წ. „მოწყვლადობის აპოკალიფსი“, რამაც დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორში ჰაკერული თავდასხმების ტალღა განაპირობა.

ამადორმა მონაკოში გამართულ WAIB სამიტზე აღნიშნა, რომ Claude Opus 4.8-სა და ChatGPT 5.5-ის მსგავსი მოდელების გავრცელება 2026 წელს კრიპტოსამყაროში დაფიქსირებული კიბერდანაშაულების მთავარი მიზეზია.

DefiLlama-ს მონაცემებით, მხოლოდ აპრილში ჰაკერებმა კრიპტოპლატფორმებიდან 634 მილიონ დოლარზე მეტი მიითვისეს. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2025 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც Bybit-ის გატეხვის შედეგად ზარალმა 1,4 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ექსპერტის შეფასებით, კრიპტოინდუსტრიისთვის მომდევნო სამი-ოთხი წელი გადარჩენისთვის ბრძოლის პერიოდი იქნება. ეს დრო მანამაა საჭირო, სანამ კიბერუსაფრთხოების გუნდები თავად შეძლებენ ამავე AI მოდელების გამოყენებას „აუღებელი“ კოდების შესაქმნელად.

ამადორი მიიჩნევს, რომ თუ ინდუსტრია უფრო აქტიურად დანერგავს „crowdsourced“ უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს, შესაძლოა, ეს კრიტიკული პერიოდი ორ წლამდეც კი შემცირდეს.

ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ ახალი მოდელები, როგორიცაა Anthropic-ის Fable 5, ინდუსტრიაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. არსებობს ვარაუდი, რომ მსგავსი ინსტრუმენტები ჰაკერებს კრიპტოპროტოკოლების სისუსტეების პოვნაში ეხმარება.

Anthropic-ის განცხადებით, მათ Fable 5-ში დანერგეს უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს სხვა მოდელზე, Claude Opus 4.8-ზე გადაამისამართებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა მსხვილმა თავდასხმებმა DeFi სექტორის დაუცველობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 19 აპრილს Kelp DAO-ს ხიდიდან თავდამსხმელებმა დაახლოებით 290-293 მილიონი დოლარის ღირებულების 116 500 Ether (rsETH) გაიტანეს.

LayerZero-ს განმარტებით, ინციდენტი Kelp DAO-ს მიერ არჩეული ქსელური კონფიგურაციის ბრალია, რამაც სისტემაში ერთი წერტილის მოწყვლადობა შექმნა.