BBC-მ „დოქტორი ვინ“-ის გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო — 2026 წლისთვის დაგეგმილი საშობაო სპეცგამოშვება გაუქმდა. კორპორაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება „ფრთხილად იქნა მიღებული“ და მიზნად ისახავს სერიალის გრძელვადიანი მომავლის უზრუნველყოფას.

შოურანერმა რასელ თი დევისმა, რომელმაც 2022 წელს პროექტი ხელახლა ჩაიბარა, დაადასტურა, რომ სერიალს ტოვებს. სოციალურ ქსელში მან განმარტა, რომ საშობაო ეპიზოდი მხოლოდ „გარანტირებული მომავლისთვის“ იყო ჩაფიქრებული, თუმცა ახლა, როდესაც შოუს შემდგომი განვითარების გეგმა მკაფიოა, მისი საჭიროება აღარ არსებობს.

დევისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუქმებული ეპიზოდისთვის სცენარი არ დაწერილა და არცერთი მსახიობი არ ყოფილა შერჩეული „შემდეგი დოქტორის“ როლზე. მისი თქმით, მაყურებელს მოუწევს დაელოდოს სერიალის სრულფასოვან ახალ სეზონებს, რაც, მისივე შეფასებით, გაცილებით უფრო საინტერესო იქნება.

„დოქტორი ვინ“-ის ბოლო სეზონი 2025 წლის მაისში დასრულდა. ეს იყო ბოლო სეზონი ნკუტი გატვას მონაწილეობით, რომელმაც ორსეზონიანი მუშაობის შემდეგ პროექტის დატოვების შესახებ განაცხადა. სეზონის ფინალში მაყურებელმა ბილი პაიპერის მოულოდნელი დაბრუნება იხილა, თუმცა მისი პერსონაჟის როლი მომავალში ამ დროისთვის უცნობია.

ცვლილებები წარმოებაში

BBC-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იწყებს საპროდიუსერო კომპანიების კონკურსს მომდევნო სეზონების თანაპროდუსერობისთვის. ეს ნაბიჯი კორპორაციის წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეესაბამება. 2023 წლიდან სერიალის თანაპროდუსერი იყო „Bad Wolf“, ხოლო საერთაშორისო დისტრიბუციას Disney+ უზრუნველყოფდა. თუმცა, Disney-სთან თანამშრომლობა 26 ეპიზოდის შემდეგ, 2025 წელს ოფიციალურად დასრულდა.

კორპორაციის პრესსპიკერის თქმით, „დოქტორი ვინ“ BBC-სთვის კვლავ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია. გადაწყვეტილება, რომ არ შექმნილიყო ერთჯერადი საშობაო ეპიზოდი, მიღებულ იქნა იმისთვის, რომ სერიალის განვითარებაზე აქცენტი სრულფასოვან სეზონებზე გაკეთდეს.

მიუხედავად ცვლილებებისა, CBeebies-ისთვის განკუთვნილი „დოქტორი ვინ“-ის ანიმაციური სერიალი წარმოებაში რჩება. რასელ თი დევისი კი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის, თუ რა მიმართულებას აიღებს შოუ მომავალში.