სუპერმოდელი ნაომი კემპბელი საქველმოქმედო ფონდ Fashion for Relief-ის გარშემო ატეხილ სკანდალში პასუხისმგებლობას ყოფილ თანამშრომელსა და იურისტს, ბიანკა ჰელმიხს აკისრებს. კემპბელი ამტკიცებს, რომ ფონდის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა „იდენტობის მოპარვისა და მოტყუების“ შედეგი იყო.

სასამართლო მოსმენაზე, სადაც კემპბელი მისთვის დაწესებული საქველმოქმედო საქმიანობის აკრძალვის გაუქმებას ცდილობს, მან განაცხადა, რომ ჰელმიხმა გააყალბა მისი ხელმოწერა და ყალბი ელექტრონული ფოსტის მისამართით ფონდის თანხები არამიზნობრივად მიმართა.

კემპბელის თქმით, მისი ერთადერთი შეცდომა ჰელმიხისთვის ნდობის გამოცხადება იყო. „მე არასწორ ადამიანს ვენდე, მეტი რაღა გინდათ?“ — განაცხადა მოდელმა ტრიბუნალზე, როდესაც მას ჰკითხეს, რატომ არ განახორციელა მეტი კონტროლი ფონდის საქმიანობაზე.

2024 წელს ბრიტანეთის საქველმოქმედო კომისიამ ნაომი კემპბელს საქველმოქმედო ორგანიზაციების მართვა ხუთი წლით აუკრძალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ფონდში შეგროვილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი — ნაცვლად ქველმოქმედებისა — დაიხარჯა ფუფუნების საგნებზე, სასტუმროებზე, სპა-პროცედურებზე, სიგარეტსა და მოდელის დაცვაზე.

კემპბელის ადვოკატმა, ენდრიუ ვესტვუდმა, სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში აღნიშნა, რომ ჰელმიხი წლების განმავლობაში ახორციელებდა მართვისა და მოტყუების სისტემურ სქემას, რასაც სხვა რწმუნებულებისგან მალავდა. თავად ბიანკა ჰელმიხს საქველმოქმედო საქმიანობა ცხრა წლით აეკრძალა, ხოლო ფონდის მესამე რწმუნებულს, ვერონიკა ჩოუს — ოთხი წლით.

რა მოხდა რეალურად?

გამოძიების თანახმად, Fashion for Relief-ის მიერ შეგროვებული თანხების მხოლოდ 8.5% მოხმარდა რეალურ საქველმოქმედო გრანტებს. აღსანიშნავია, რომ Unicef UK-მა ფონდის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რადგან Fashion for Relief არასწორად აცხადებდა, რომ მათთან თანამშრომლობდა და ატარებდა ღონისძიებებს, საიდანაც შემოსული თანხა არასდროს გადარიცხულა.

კემპბელი ირწმუნება, რომ ის ფონდის მართვაში მხოლოდ „სახის“ როლს ასრულებდა, ხოლო ადმინისტრაციულ და ფინანსურ ფუნქციებს ჰელმიხი ითავსებდა. თუმცა, მარეგულირებელი კომისიის პოზიციით, რწმუნებულს არ აქვს უფლება, თავი აარიდოს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს.

David M. Benett/Dave Benett/Getty Images

ამჟამად, როგორც კემპბელის გუნდის, ისე საქველმოქმედო კომისიის მიერ გაყალბებისა და თაღლითობის საკითხი პოლიციაშია გადაგზავნილი. გამოძიება გრძელდება.