სინდისის პატიმარი რეზო კიკნაძე ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც სასამართლო სისტემის მიმართ მკაცრ კრიტიკას გამოთქვამს. კიკნაძე იხსენებს ე.წ. „პრაგულკის“ დროს სხვა პატიმრებთან გამართულ საუბრებს, სადაც მძიმე დანაშაულებში ბრალდებულები სასამართლოსთან თანამშრომლობის სანაცვლოდ პირობით მსჯავრს იღებენ.

„ვიღაც 6 თვეს იღებდა და 2 წელი პირობითს, ზოგი იარაღის ტარებაზე ან ძარცვაზე იჯდა და კმაყოფილი იყო. ეს მათი პირველი შემთხვევაც არ ყოფილა, ჩვენი საშველი კი არ ჩანს“, – წერს კიკნაძე.

კიკნაძე ხაზს უსვამს იმას, რომ მისი და სხვების პატიმრობა პოლიტიკური მოტივებითაა განპირობებული. მისი თქმით, მაშინ, როცა კანონმორჩილი ადამიანები საპატიმროში რჩებიან, სისტემა რეციდივისტებს მარტივად უშვებს.

„ესენი სამართალს იმას ეძახიან, თუ ვიღაც ფარისევლურად მოინანიებს, თორემ საქმის დეტალებს არავინ უყურებს. ჩვენ უფრო მეტად ვართ კრიმინალები, ვიდრე ისინი, ვისაც იწყალებენ და რამდენიმე კვირაში ახალი დანაშაულით ბრუნდებიან?“ – აღნიშნავს ავტორი.

წერილი ოპტიმისტური ნოტით სრულდება. კიკნაძე აცხადებს, რომ პატიმრობამ მას ახალი შესაძლებლობები დაანახვა. „ნეტა თუ იციან, რამდენი კარგი რაღაც გამიკეთეს ამ დაჭერით. მტარვალებს ეგონათ, მღუპავდნენ, სინამდვილეში კი ახლიდან დამბადეს“, – წერს ის.

შეგახსენებთ, რომ რეზო კიკნაძე 2024 წლის 6 დეკემბერს დააკავეს. ის საკუთარ პატიმრობას ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდილებად აფასებს.