სომხეთში საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია. ოპოზიციური გაერთიანებები, მათ შორის „ძლიერი სომხეთი“ და „სომხეთის ალიანსი“, არჩევნების შედეგების გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში გეგმავენ. მმართველ პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“, ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

საპასუხოდ, მმართველი გუნდი ოპოზიციას ხმების მოსყიდვაში ადანაშაულებს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოაშოროს ის ძალები, რომლებიც ამომრჩევლის მოსყიდვის სქემებში მონაწილეობენ.

სომხეთის ანტიკორუფციულმა კომიტეტმა კანონმდებლობის გამკაცრების წინადადებით უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს. ინიციატივა ითვალისწინებს იმ პოლიტიკური გაერთიანებების არჩევნებიდან მოხსნას, რომლებიც კრიმინალურ სქემებში იქნებიან მხილებულნი.



პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა დააანონსა, რომ ხმების მოსყიდვისთვის გათვალისწინებული სასჯელები მკაცრდება. კერძოდ, მოსყიდვის მიღებისთვის პატიმრობის ვადა შვიდიდან ცხრა წლამდე გაიზრდება, ხოლო მოსყიდვის შეთავაზებისთვის სასჯელის მაქსიმალური ზღვარი რვა წლიდან ათ წლამდე აიწევს.

მმართველი გუნდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას გეგმავს, რომელიც ამომრჩეველთა რეგისტრაციას ეხება. დეპუტატ ჰაიკ კონჯორიანის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებიც არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში სომხეთში მინიმუმ ექვსი თვე ცხოვრობდნენ.

„მოქალაქეობა საკმარისი არ არის. ქვეყნის ბედს ის ადამიანები უნდა წყვეტდნენ, ვისაც სახელმწიფოსთან ორგანული კავშირი აქვს,“ — განაცხადა კონჯორიანმა. მისი თქმით, ეს რეგულაცია უპასუხებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას, რათა არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოახდინონ მათ, ვინც ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და არ ატარებს პოლიტიკური არჩევანის შედეგებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რუბენ რუბინიანმა სამართალდამცავებს მოუწოდა, სრულად გამოავლინონ მოსყიდვის სქემები და პასუხისგებაში მისცენ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ პარტიული ლიდერები, რომლებიც ამ პროცესს მართავდნენ.

მმართველი პარტია ამ ინიციატივების განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევას გეგმავს. ოპოზიცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი „ომის პარტიას“ უწოდებს, ამ ცვლილებებს პოლიტიკურ დევნად აფასებს.