აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებმა საცხოვრებელი სახლების ხელმისაწვდომობის შესახებ კანონპროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. დოკუმენტი მიზნად ისახავს ბაზარზე მიწოდების გაზრდას და კერძო საინვესტიციო ფონდების გავლენის შემცირებას.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა განაცხადა, რომ კანონპროექტი კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გავა. სენატში საწყისი ეტაპის კენჭისყრა ხუთშაბათს საღამოს იგეგმება. კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ დაჩქარებული პროცედურების მეშვეობით დოკუმენტი თვის ბოლომდე კანონის ძალას შეიძენს.

რა იცვლება ინვესტორებისთვის?

კანონპროექტი პირდაპირ ზღუდავს იმ ერთოჯახიანი საცხოვრებელი სახლების რაოდენობას, რომელთა შეძენაც მსხვილ ინვესტორებს შეუძლიათ. ლიმიტი 350 ერთეულით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ვერსიაში აღარ მოხვდა დებულება, რომელიც ინვესტორებს ავალდებულებდა, მათ მიერ აშენებული საცხოვრებელი ფართები შვიდი წლის ვადაში გაეყიდათ.

სენატორმა ელიზაბეტ უორენმა, რომელიც საბინაო პოლიტიკის კომიტეტში კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია, აღნიშნული ნაბიჯი ისტორიულად შეაფასა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კონგრესი კერძო საინვესტიციო ფონდებს მსგავსი ტიპის შეზღუდვებს უწესებს.

„ეს კანონპროექტი ისტორიულია, რადგან ის მკაფიო „არას“ ეუბნება კერძო კაპიტალს, რომელიც ცდილობს ჩვენს უბნებში გაფართოებას და დომინირებას“, - განაცხადა უორენმა.

კანონმდებლების განცხადებით, ეს ზომა აუცილებელია იმისთვის, რომ საცხოვრებელი სახლები ხელმისაწვდომი დარჩეს რიგითი მოქალაქეებისთვის და ბაზარი მხოლოდ მსხვილი კორპორატიული მოთამაშეების ინტერესებზე არ იყოს მორგებული. წარმომადგენელთა პალატას, სადაც კანონპროექტის წინა ვერსიებს უკვე ჰქონდა მყარი მხარდაჭერა, მისი დაჩქარებული წესით განხილვა შეუძლია.