„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციურ ალიანსში „ნაციონალური მოძრაობის“ როლს აკრიტიკებს. მისი თქმით, პარტია პოლიტიკურ გაერთიანებაში ფაქტობრივად აღარ ფიგურირებს და ბოლო ორი თვის განმავლობაში მათ არანაირი წვლილი არ შეუტანიათ.
„პალიტრა ნიუსის“ ეთერში საუბრისას ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის ყოველდღიურ საქმიანობას სრულად ჩამოშორდა. მისი თქმით, პარტია არ მონაწილეობს არც გადაწყვეტილებების მიღებაში და არც ფინანსურ უზრუნველყოფაში.
„ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსში ახლა არც არის. ორი თვეა, საერთოდ არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. დაფინანსებაშიც კი არ იღებენ მონაწილეობას. ჩვენ ყველაფერს გერმანული ანგარიშით ვიყოფთ და ყველა პარტია თავის წილს დებს, თუმცა მათ მხრიდან არანაირი კონტრიბუცია არ ყოფილა“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქტიურობდნენ, 26 მაისის აქციას უკავშირდება. მისი მტკიცებით, პარტიის წარმომადგენელი ფავლენიშვილი აქციაზე სიტყვით გამოსვლის უფლების მოსაპოვებლად რიგითი აქტივისტის მსგავსად მოქმედებდა.
„26 მაისს, როდესაც აქციას ვატარებდით, სიტყვით გამოსვლა უნდოდათ. ფავლენიშვილმა ერთი დღე რიფლეტებიც კი დაარიგა, რომ ეს უფლება მოეპოვებინა. დამოუკიდებლობის დღეს მათთვის სიტყვით გამოსვლის უფლების წართმევას ხომ არ დავიწყებდით“, - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
„ფედერალისტების“ ლიდერი აჯამებს, რომ ოპოზიციურ ალიანსში „ნაციონალური მოძრაობის“ არყოფნა აშკარაა და მათ პოლიტიკურ კონტრიბუციასთან დაკავშირებით მოლოდინები აღარ აქვთ. ჩერგოლეიშვილის შეფასებით, პოლიტიკური პროცესების კუთხით, პარტია ამ ეტაპზე მათი გაერთიანებისთვის „არ არსებობს“.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.