ნახევარგამტარების ბაზარზე მორიგი ტურბულენტური პერიოდი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ VanEck Semiconductor ETF-მა (SMH) ორშაბათს 5%-ზე მეტი ზრდა აჩვენა, ტრეიდერების ქცევა მიუთითებს, რომ ისინი ამ აღმასვლას სიფრთხილით ეკიდებიან. ბაზარზე „პუტ“ ოფციონების მოცულობამ „ქოლ“ ოფციონებს გადააჭარბა, რაც ინვესტორების მხრიდან დაცვის მექანიზმების გააქტიურებაზე მიანიშნებს.
სპეციალისტების დაკვირვებით, $217 მილიონიანი პრემიის ნახევარზე მეტი სწორედ „პუტ“ ოფციონებზე მოდის, რაც იმედგაცრუების ნიშანია. განსაკუთრებით საყურადღებოა 21 აგვისტოს გასვლის თარიღის მქონე 550-იან „პუტ“ კონტრაქტებზე გაზრდილი ინტერესი. ეს ნიშნული ამჟამინდელ ფასზე დაახლოებით 7%-ით დაბალია, რაც ტრეიდერების სკეპტიციზმს ადასტურებს.
განსხვავებული სურათი ცალკეულ აქციებში
მიუხედავად ზოგადი დაძაბულობისა, ბაზარზე გამორჩეული „ფავორიტებიც“ არსებობს. Marvell Technology-ის შემთხვევაში სურათი საპირისპიროა: აქ „ქოლ“ ოფციონები „პუტებს“ სამჯერ აღემატება. ოპტიმიზმი უკავშირდება ინფორმაციას, რომ 22 ივნისიდან კომპანია S&P 500-ის ინდექსში შევა.
Marvell-ის აქციებზე მოთხოვნა ძირითადად 300-დოლარიან ნიშნულს უკავშირდება. თუმცა, ინვესტორებს ეს პოზიციები ძვირი უჯდებათ: კომპანიის 30-დღიანი იმპლიციტური ვოლატილობა 98-ე პროცენტილზეა, რაც აქციების ბოლო პერიოდის მკვეთრ ზრდასთან არის დაკავშირებული.
რა ელოდება ბაზარს?
Bespoke-ის თანადამფუძნებლის, პოლ ჰიკის შეფასებით, ბოლო ორი კვირა ნახევარგამტარების სექტორისთვის უპრეცედენტოდ რთული იყო. „მას შემდეგ, რაც ვიხილეთ მკვეთრი ზრდაც და ვარდნაც, მყისიერ გაყიდვებს არ ველოდები, თუმცა ივლისის დასაწყისამდე აქტიური მოძრაობებისთვის მზად უნდა ვიყოთ“, — აღნიშნავს ექსპერტი.
ამავდროულად, Intel-ის ირგვლივ გავრცელებულმა ცნობებმა, თითქოს Alphabet-მა კომპანიას 3 მილიონი საკუთარი AI ჩიპის დამზადება შეუკვეთა, ბაზარზე აჟიოტაჟი გამოიწვია. Intel-ის ოპციონების მოცულობა საშუალო დღიურ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება, სადაც „ქოლ“ ოფციონები დომინირებს.
აქტიურობა შეიმჩნევა Cerebras-ის გარშემოც, სადაც 50 მილიონ დოლარზე მეტი პრემიის მქონე გარიგებები დაფიქსირდა. აქაც, ყველაზე პოპულარული კონტრაქტების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ „ქოლ“ ოფციონებს უკავშირდება, რაც ინვესტორების ნაწილის მხრიდან აგრესიულ მოლოდინებზე მიუთითებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.