კრიპტოვალუტის ბაზარზე მიმდინარე მძიმე კვირის ფონზე, ინვესტორებმა მაიკლ სეილორის კომპანია MicroStrategy-ის (MSTR) მიმართ აგრესიული პოზიცია დაიკავეს. ბაზრის მონაწილეები, რომლებიც მანამდე უფრო დაბალანსებულად მოქმედებდნენ, ახლა მასიურად ყიდულობენ „ფუთ“ ოფციონებს, რაც აქციების ფასის ვარდნაზე ფსონის დადებას ნიშნავს.

პარასკევის მონაცემებით, ოფციონების ბაზარზე გაცვლილი პრემიების მოცულობამ 335 მილიონი დოლარი შეადგინა, საიდანაც 250 მილიონი სწორედ „ფუთ“ კონტრაქტებზე მოდის. ეს ტენდენცია მიანიშნებს იმაზე, რომ ბაზარი სეილორის სტრატეგიის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

სტრატეგიული ცვლილებები და ინვესტორების უკმაყოფილება

ინვესტორთა ნაწილმა ყურადღება გადაიტანა YieldMax Short MSTR Option Strategy ETF-ზე (WNTR), რომელიც MicroStrategy-ის აქციების გაუფასურებაზე მუშაობს. 11 მაისის შემდეგ ამ ფონდის აქციები 30%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირ უკავშირდება კომპანიის აქციების სირთულეებს.

განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა STRC — კომპანიის პრივილეგირებული აქციები, რომელსაც სეილორი „ციფრულ კრედიტს“ უწოდებდა. ხუთშაბათს ამ ფასიანი ქაღალდების ფასმა 3.6%-ით იკლო და 92 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Quantify Funds-ის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ძიკანსკის თქმით, ბაზარი ახლა მაიკლ სეილორის მიმართ რისკ-ფაქტორს უფრო მაღალ ნიშნულზე აფასებს. მანამდე სეილორი ამ აქციებს ბიტკოინის გაყიდვის თავიდან ასარიდებლად განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით სტრატეგია შეცვალა, ობლიგაციების გამოსასყიდად ნაღდი ფული დახარჯა და ბიტკოინების რეალიზება დაიწყო.

ამჟამად STRC-ის კვლავ 100-დოლარიან ნიშნულზე დასაბრუნებლად გაცილებით მაღალი შემოსავლიანობაა საჭირო, რაც ინვესტორებისთვის დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორია.

მაკროეკონომიკური ფაქტორები

ვითარებას ართულებს საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინი. პარასკევს გამოქვეყნებული დასაქმების ძლიერი მონაცემების შემდეგ, მიმდინარე წელს განაკვეთის ზრდის ალბათობამ 40%-ს გადააჭარბა. ისტორიულად, მაღალი განაკვეთების პერიოდი კრიპტოვალუტებისთვის და მათთან დაკავშირებული საკრედიტო ინსტრუმენტებისთვის უარყოფითად აისახება.

პარასკევს ბიტკოინის ფასმა 60 000 დოლარიან ზღვარს ქვემოთ ჩამოიწია, რაც 2024 წლის ბოლო პერიოდის შემდეგ პირველად მოხდა. ბაზრის ანალიტიკოსები ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორ გაუმკლავდება სეილორის სტრატეგია მიმდინარე კრიზისს.