ნავთობის გლობალურ ბაზარზე ვითარება იძაბება. Exxon Mobil-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, ნილ ჩეპმენის განცხადებით, ნავთობის მარაგები უპრეცედენტო სიმცირემდე მიდის. მისივე თქმით, ეს პროცესი უახლოეს ორ-სამ კვირაში დასრულდება, რასაც ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვება.
ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციაზე ჩეპმენმა აღნიშნა, რომ როდესაც ბაზარი მარაგების ასეთ დეფიციტს აღწევს, ერთადერთი გზა ფასების ზრდაა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი შესაძლოა 150-დან 160 დოლარამდე ავიდეს.
რატომ მცირდება მარაგები?
ვითარების გამწვავება ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გამოიწვია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით, ეს ისტორიაში ნავთობის მიწოდების ყველაზე მასშტაბური შეფერხებაა, რომელმაც ბაზარს უკვე მილიარდზე მეტი ბარელი დააკლო.
„ჩვენ მივუახლოვდით მარაგების ისეთ დონეს, რომელიც აქამდე არ გვინახავს. ეს უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია“, — განაცხადა ნილ ჩეპმენმა.
მიუხედავად იმისა, რომ მარტში IEA-ს წევრებმა 400 მილიონი ბარელი ნავთობის რეზერვებიდან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სააგენტო აფრთხილებს, რომ მარაგების ამოწურვა რეკორდული ტემპით მიმდინარეობს.
ფასების ზრდა და მოთხოვნის კლება
მიმდინარე კვირაში Brent-ის ფიუჩერსები 94 დოლარზე დაბლა დაიხურა. ინვესტორები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები სრუტის გახსნას შეუწყობს ხელს. თუმცა, ნავთობინდუსტრიის ლიდერები აცხადებენ, რომ ფიუჩერსების ბაზარი რეალურად არ ასახავს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის მასშტაბებს.
ჩეპმენის თქმით, ფასების ზრდა გარკვეულწილად თავად დააბალანსებს ბაზარს, რადგან მაღალი ღირებულება მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს. ეს ე.წ. „მოთხოვნის განადგურების“ მექანიზმია, რომელიც ექსტრემალურ პირობებში ბაზრის თვითრეგულირებას ცდილობს.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.