შეერთებულ შტატებში ბენზინის ფასმა კლებას განაგრძობს და 4-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. AAA-ს მონაცემებით, ამერიკელი მძღოლები საწვავის გალონში საშუალოდ 3.99 დოლარს იხდიან, რაც 30 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ფასების კლების ტენდენცია უკვე 28 დღეა გრძელდება. 21 მაისს საწვავის ღირებულება პიკურ ნიშნულზე, 4.56 დოლარზე იყო. მიმდინარე ვარდნა ყველაზე ხანგრძლივია 2023 წლის ნოემბრის შემდეგ.

ცვლილების მთავარი მიზეზი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანთან გაფორმებული შეთანხმებაა, რომელმაც ქვეყნებს შორის მიმდინარე კონფლიქტს წერტილი დაუსვა. ჰორმუზის სრუტეში, რომელიც გლობალური ნავთობმომარაგების ერთ-ერთი მთავარი არტერიაა, ვითარება სტაბილურდება.

შეთანხმების მოლოდინი ბაზარზე რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიმჩნეოდა, რამაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა შეაკავა. მაისის დასაწყისიდან აშშ-ის საზღვაო ძალები სრუტეში ნავთობტანკერების უსაფრთხო გადაადგილებასაც უზრუნველყოფდნენ.

მიუხედავად ამისა, საწვავი კვლავ 30%-ით უფრო ძვირია, ვიდრე 28 თებერვლამდე, სანამ აშშ-მა და ისრაელმა ირანზე შეტევა განახორციელეს. საპასუხოდ, თეირანმა ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის ფაქტობრივად ჩაკეტა.

სრუტის ჩაკეტვამ ისტორიაში ნავთობის მიწოდების ყველაზე მასშტაბური შეფერხება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ომამდე გლობალური ნავთობმომარაგების დაახლოებით 20% სწორედ ამ მარშრუტზე გადიოდა.

ამჟამად მოლოდინია, რომ ირანთან დადებული ზავის შედეგად სრუტეზე ნავთობის ექსპორტი ეტაპობრივად გაიზრდება. თუმცა, ექსპერტები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, როდის დაუბრუნდება საზღვაო ტრაფიკი ომამდელ ნიშნულს.