იტალიური სუპერქარების მწარმოებელმა Lamborghini-მ ელექტრომობილების წარმოებაზე უარის თქმით სწორი არჩევანი გააკეთა. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, შტეფან ვინკელმანმა, CNBC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სრულად ელექტრონულ მოდელებზე უარის თქმა და პლაგინ-ჰიბრიდული ძრავებისკენ მიმართვა კომპანიისთვის წარმატებული სტრატეგია აღმოჩნდა.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მისმა მთავარმა კონკურენტმა, Ferrari-მ, თავისი პირველი სრულად ელექტრონული მოდელი, Luce, წარადგინა. ახალი მოდელის პრეზენტაციამ ბაზარზე ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, რის გამოც Ferrari-ს აქციები მილანსა და ნიუ-იორკში შესაბამისად 8%-ითა და 5.3%-ით დაეცა.

რატომ გააკრიტიკეს Ferrari Luce?

ანალიტიკოსების თქმით, ინვესტორებისა და ფანების უკმაყოფილება ძირითადად მოდელის დიზაინითა და ბრენდის კონცეფციის ცვლილებითაა განპირობებული. Apple-ის ყოფილი დიზაინერის, ჯონი აივას მიერ შექმნილი Luce, რადიკალურად განსხვავდება Ferrari-ს ტრადიციული ესთეტიკისგან. მას აქვს მინიმალისტური ინტერიერი ეკრანებით და არასტანდარტული, „ბუშტისებრი“ ექსტერიერი.

კრიტიკა არ დაუშურებიათ ავტოინდუსტრიის ვეტერანებსაც. Ferrari-ს ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლუკა დი მონტეზემოლომ, საჯაროდ განაცხადა, რომ კომპანიამ ამ მოდელს საკულტო „მოცეკვავე ცხენის“ ლოგო უნდა მოაშოროს. უკმაყოფილება გამოთქვა იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა მატეო სალვინიმ.

Lamborghini-ს პოზიცია

შტეფან ვინკელმანმა უარი თქვა უშუალოდ Ferrari-ს მოდელის შეფასებაზე, თუმცა ხაზი გაუსვა ბაზრის დაკვირვების მნიშვნელობას. მისი თქმით, Lamborghini-მ დაინახა, რომ მათი ტიპის მომხმარებლებში სრულად ელექტრონულ მანქანებზე მოთხოვნა არ იზრდება.

„ინოვაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ უნდა იყოს თვითმიზანი და არ უნდა თავსდებოდეს მომხმარებელს ძალდატანებით,“ - აღნიშნა ვინკელმანმა.

Lamborghini-მ, რომელიც Volkswagen-ის ჯგუფის ნაწილია, გადაწყვიტა გაეუქმებინა სრულად ელექტრონული მოდელები, მათ შორის Lanzador და Urus-ის ელექტრო ვერსია, რათა ყურადღება ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე გადაეტანა. ეს მიდგომა, ვინკელმანის თქმით, სრულად შეესაბამება ბაზრის რეალურ მოთხოვნებს და კომპანიის სამომავლო ხედვას.