პენსიაზე გასვლის შემდეგ ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ადამიანთა უმრავლესობა მუდმივად ფიქრობს იმაზე, რომ მათი დანაზოგი სწრაფად არ ამოიწუროს, თუმცა ფინანსური მრჩევლები აფრთხილებენ, რომ არსებობს საპირისპირო რისკიც: ზედმეტად მცირე ხარჯვა.

Employee Benefit Research Institute-ის (EBRI) კვლევის მიხედვით, პენსიონერთა დაახლოებით მესამედს 80-იანი წლების შუა პერიოდში საწყისი დანაზოგის 100% ან მეტი კვლავ ხელუხლებელი აქვს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანები პენსიაზე გასვლის შემდეგ უკიდურესად კონსერვატიულები ხდებიან.

ფინანსური ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ფსიქოლოგიური ბარიერია. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ზოგავდა, რთულად ეგუება იმ ფაქტს, რომ ახლა მისი ქონება უნდა მცირდებოდეს. შედეგად, ბევრი პენსიონერი თავს იკავებს მოგზაურობისგან, ოჯახთან გატარებული დროისგან ან სხვა აქტივობებისგან, რომელთა დაფინანსებაც მათ თავისუფლად შეეძლოთ.

„ეს არის ცხოვრება, რომელიც არ გიცხოვრია“, — ამბობს ფინანსური მრჩეველი მარიანელა კოლადო. მისი თქმით, შიში იმისა, რომ ფული ამოეწურებათ, ადამიანებს ართმევს შესაძლებლობას, ისიამოვნონ იმ შრომის ნაყოფით, რომელიც წლების განმავლობაში დააგროვეს.

როგორ დავგეგმოთ ხარჯვა?

ფინანსური მრჩევლები ხშირად მიუთითებენ ე.წ. „4%-იან წესზე“. ეს გულისხმობს, რომ პენსიონერმა პირველ წელს პორტფელის 4% უნდა გამოიტანოს, ხოლო მომდევნო წლებში ეს თანხა ინფლაციის შესაბამისად დაარეგულიროს. თუმცა, ეს მეთოდი ზოგჯერ ზედმეტად კონსერვატიულია და შესაძლოა underspending-ის პრობლემა გააღრმავოს.

ალტერნატიულ გზად „დინამიური ხარჯვა“ სახელდება. ამ მიდგომით, ხარჯები არ არის სტატიკური და იცვლება საბაზრო პირობების მიხედვით. მაგალითად, საფონდო ბაზრის წარმატებულ წლებში შესაძლებელია მეტი თანხის დახარჯვა, ხოლო ვარდნის პერიოდში - ხარჯების შემცირება.

რატომ არის ეს რთული?

პენსიაზე გასვლის დაგეგმვა რთულია, რადგან შეუძლებელია სიცოცხლის ხანგრძლივობის ან მომავალი საბაზრო მოგების ზუსტი პროგნოზირება. ადრინდელი თაობებისგან განსხვავებით, რომლებსაც პენსიას დამსაქმებლები უზრუნველყოფდნენ, დღეს პენსიონერებს თავად უწევთ საკუთარი დანაზოგის მართვა.

ექსპერტები ურჩევენ პენსიონერებს, რომ სანამ ჯერ კიდევ მობილურები და აქტიურები არიან, არ შეუშინდნენ ფულის დახარჯვას. საბოლოო ჯამში, დანაზოგი იმისთვისაა, რომ ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესოს და არა იმისთვის, რომ სიკვდილის შემდეგ სხვებს დარჩეთ.