SpaceX-ის დირექტორთა საბჭო ახალი წევრით გაძლიერდა. კომპანიის ოფიციალური განცხადებით, ილონ მასკის დიდი ხნის მოკავშირე, Roelof Botha, დამოუკიდებელი დირექტორის სტატუსით საბჭოს წევრი გახდა. ის ასევე ჩაერთვება აუდიტის კომიტეტის საქმიანობაში.

Botha-ს დანიშვნა მას შემდეგ განხორციელდა, რაც SpaceX-მა გასულ კვირას რეკორდული IPO დაასრულა. ამჟამად კოსმოსური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც მას გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშედ აქცევს.

Roelof Botha და ილონ მასკი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისიდან, PayPal-ში მუშაობის პერიოდიდან იცნობენ. ორივე მათგანი სამხრეთ აფრიკიდანაა. 2003 წლიდან Botha საინვესტიციო ფირმა Sequoia-ში მოღვაწეობდა, სადაც მან კარიერული კიბე მმართველ დირექტორამდე გაიარა, თუმცა გასულ წელს ეს პოზიცია დატოვა და ამჟამად ფირმის მრჩევლის სტატუსით აგრძელებს საქმიანობას.

აღსანიშნავია, რომ Sequoia SpaceX-ის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. ფირმამ კოსმოსურ კომპანიაში პირველი ინვესტიცია 2019 წელს განახორციელა და დღეისთვის SpaceX-ის აქციების დაახლოებით 1.5%-ს ფლობს, რაც დაახლოებით 35 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

კომპანიის შიდა მმართველობის სტრუქტურა კვლავ ილონ მასკის სრულ კონტროლს ექვემდებარება. მასკი ფლობს ხმის უფლების 82%-ზე მეტს, ხოლო მისი პირადი წილი კომპანიაში 1 ტრილიონ დოლარზე მეტია. ეს მოდელი გარე ინვესტორებს კომპანიის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცირე შესაძლებლობას უტოვებს.

Botha-ს დანიშვნასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არც SpaceX-ს და არც Sequoia-ს გაუკეთებიათ. დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ ახალ დანიშნულ დირექტორს ნათესაური კავშირი აქვს SpaceX-ის ერთ-ერთ თანამშრომელთან, თუმცა კონკრეტული პირი დასახელებული არ არის.