SpaceX-ის ოფციონები ოფიციალურად გამოჩნდა საფონდო ბირჟაზე და ვაჭრობის დაწყებიდან მალევე უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია. სესიის პირველ 30 წუთში SpaceX-ის ოფციონები უკვე მესამე ყველაზე აქტიური ინსტრუმენტი გახდა ერთეულ აქციებს შორის, მხოლოდ Nvidia-სა და Tesla-ს ჩამორჩა.

ტომ სოსნოფი, „ოპციონების ნათლიად“ წოდებული ფინანსური ექსპერტი და ThinkOrSwim-ის თანადამფუძნებელი, მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ბაზარი სტაბილიზდება და ლიკვიდურობა გაიზრდება, SpaceX-ის ოფციონების მოცულობამ შესაძლოა ლიდერებიც კი ჩამოიტოვოს.

„როგორც კი მაღალი სიხშირის მოვაჭრეები (HFT) ფასების ცვალებადობაზე კონსენსუსს მიაღწევენ, ვაჭრობის აქტივობა მკვეთრად გაიზრდება. ეს დადებითად აისახება როგორც ბიზნესზე, ისე საცალო ინვესტორებზე“, — განაცხადა სოსნოფმა.

ThinkOrSwim-ის მონაცემებით, ვაჭრობის პირველ ნახევარ საათში 300 000-ზე მეტი ოფციონი გაიყიდა. საგულისხმოა, რომ ინვესტორები ძირითადად „ქოლ“ (call) ოფციონებს ყიდულობდნენ, რაც კომპანიის მიმართ ოპტიმისტურ განწყობაზე მიუთითებს. SpotGamma-ს თანახმად, 400 მილიონი დოლარის პრემიიდან 300 მილიონი სწორედ „ქოლ“ კონტრაქტებზე მოდიოდა.

რა უნდა გაითვალისწინონ ინვესტორებმა?

მიუხედავად დიდი ინტერესისა, ექსპერტები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. სოსნოფი ურჩევს ინვესტორებს, დაელოდონ რამდენიმე დღეს, სანამ ფასწარმოქმნა უფრო ეფექტური გახდება. ამ ეტაპზე პირველადი ფასები საკმაოდ მაღალია, ბაზრები კი — ზედმეტად ფართო.

ამჟამად SpaceX-ის ოფციონების იმპლიციტური ცვალებადობა 135-ს შეადგენს, რაც მაღალი რისკისა და მოლოდინების მანიშნებელია. ყველაზე პოპულარული იყო 220-დოლარიანი „ქოლ“ კონტრაქტი, რომელიც ხუთშაბათს იწურება, რაც კომპანიის აქციების 16%-იანი ზრდის ფონზე საკმაოდ აქტიურ ვაჭრობას ადასტურებს.