აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ახალი შეთანხმების გაფორმებისა და ჰორმუზის სრუტის „გახსნის“ შესახებ განაცხადა. მიუხედავად მოწოდებისა, რომ გემებმა ძრავები ჩართონ და ნავთობის ტრანსპორტირება განაახლონ, საზღვაო მონაცემები საპირისპიროს აჩვენებს. MarineTraffic-ის ინფორმაციით, შეთანხმების შემდეგ სრუტე მხოლოდ შვიდმა ხომალდმა გაიარა, მაშინ როცა სპარსეთის ყურეში 580-მდე გემი ლოდინის რეჟიმში რჩება.
სრუტე, რომელზეც მსოფლიოს ნავთობისა და გაზის მარაგების მეხუთედი გადის, თეირანმა 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ ჩაკეტა. ექსპერტები შეფერხების სამ მთავარ ფაქტორს გამოყოფენ: უსაფრთხოების გარანტიების ნაკლებობას, წყალქვეშა ნაღმების საფრთხეს და გაურკვევლობას სატრანზიტო გადასახადებთან დაკავშირებით.
უსაფრთხოების რისკები
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ბლოკადის მოხსნას დაჰპირდა, საზღვაო ინდუსტრია სიფრთხილეს იჩენს. EOS Risk Group-ის ანალიტიკოსი მარტინ კელი აცხადებს, რომ ამ ვითარებაში სრუტის გადაკვეთა უკიდურესად სარისკოა. ირანული მხარე აპრილამდე აქტიურად უხსნიდა ცეცხლს ნებართვის გარეშე მოძრავ გემებს.
საერთაშორისო დამკვირვებლები იხსენებენ აპრილის შემთხვევას, როდესაც ირანმა სრუტის გახსნა გამოაცხადა, თუმცა მეორე დღესვე მოძრაობა კვლავ შეწყვიტა, რამაც ათეულობით გემი უკან გააბრუნა. გემების მფლობელები და მზღვეველები ამჟამად „მოლოდინის რეჟიმში“ არიან და არ სურთ, პირველებმა გარისკონ.
ნაღმების საფრთხე
სრუტის ხელახალი გახსნისთვის უმთავრესი დაბრკოლება ნაღმებია. ირანმა კონფლიქტის დაწყებისას არაერთხელ დაადასტურა, რომ სრუტეში სხვადასხვა ტიპის საზღვაო ნაღმებს განათავსებდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატში დაადასტურა, რომ ჰორმუზის დიდი სეგმენტები დანაღმულია.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, არსენიო დომინგესის თქმით, ნაღმების გაწმენდა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც შესაძლოა 30 დღიდან ექვს თვემდე გაგრძელდეს. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკვე გზავნიან საზღვაო ძალებს დანაღმული ტერიტორიების გასაწმენდად.
გადასახადები და გაურკვევლობა
ისტორიულად, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია თავისუფალი და უფასო იყო. თუმცა, მიმდინარე შეთანხმების ფარგლებში, ირანი გეგმავს „სერვისის საფასურის“ შემოღებას, რომელსაც ომანთან ერთად დაარეგულირებს. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ გადახდის ახალი სისტემა ტრანსპორტირების პროცესს კიდევ უფრო გაართულებს და შესაძლოა, ლოჯისტიკური კოლაფსი გამოიწვიოს.
ექსპერტთა შეფასებით, პოლიტიკური შეთანხმება არ ნიშნავს კომერციული ნავიგაციის მყისიერ აღდგენას. სრუტის ფუნქციონირება, სავარაუდოდ, ეტაპობრივად, უსაფრთხოების ზომების გამკაცრების კვალდაკვალ დაბრუნდება ნორმალურ კალაპოტში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.