ინტერნეტ-ბრაუზერების ბაზარზე მასშტაბური ცვლილებები იწყება. Google Chrome-ის უახლოესი განახლებები Manifest V2-ის მხარდაჭერის სრულ გაუქმებას გულისხმობს, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები ვეღარ გამოიყენებენ რეკლამის დამბლოკავ ტრადიციულ გაფართოებებს, მათ შორის ისეთ პოპულარულ ინსტრუმენტს, როგორიცაა uBlock Origin.

Manifest V3-ზე გადასვლა Google-მა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დააანონსა. კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი უსაფრთხოების გაძლიერებასა და კონფიდენციალურობის დაცვას ემსახურება. თუმცა, დეველოპერებისა და მომხმარებლების დიდი ნაწილი აკრიტიკებდა ამ გადაწყვეტილებას, რადგან ახალი პოლიტიკა პირდაპირ ზღუდავს ბრაუზერის გაფართოებების შესაძლებლობებს.

რა იცვლება Chrome 150-ით?

ტექნოლოგიურმა პლატფორმებმა, მათ შორის Neowin-მა და AllAboutCookies-მა, დაადასტურეს, რომ Google-ი შლის სპეციალურ კოდს (kExtensionManifestV2Disabled), რომელიც აქამდე ერთგვარ „შესასვლელ კარს“ წარმოადგენდა და მომხმარებლებს ძველი ტიპის გაფართოებების შენარჩუნების საშუალებას აძლევდა.

Google-ის ინჟინრების განმარტებით, აღნიშნული ფუნქციონალის შენარჩუნება შეუძლებელია ტექნიკური ვალისა და უსაფრთხოების რისკების გამო. ბოლო პერიოდში კომპანიამ არაერთი ისეთი ხარვეზი აღმოაჩინა, რომელიც მხოლოდ Manifest V2-ის გარემოში არსებობდა.

განრიგი და ტექნიკური დეტალები

  • Chrome 150 (ივნისის ბოლო): შლის ძირითად ტექნიკურ გვერდით გზას, რომელიც მომხმარებლებს გაფართოებების მუშაობის საშუალებას აძლევდა.
  • Chrome 151 (ივლისი 2026): სრულად წაშლის დარჩენილ ფლაგებს, რაც Manifest V2-ის არსებობას ბრაუზერში საბოლოოდ დაასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ Google-ი ამ ცვლილებას Chrome-ისთვის ნერგავს, Chromium-ზე დაფუძნებულ სხვა ბრაუზერებს, მაგალითად, Microsoft Edge-სა და Opera-ს, თეორიულად შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ, გააგრძელებენ თუ არა ძველი სისტემის მხარდაჭერას. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ისინიც Google-ის გზას გაჰყვებიან და თავიანთ სისტემებს განაახლებენ.

მომხმარებლებისთვის, რომლებიც რეკლამის ბლოკირებას ყოველდღიურად იყენებენ, ეს რეალობა მნიშვნელოვან დისკომფორტს შექმნის. Google-ის მიერ დაწესებული შეზღუდვები ბრაუზერის ეკოსისტემას უფრო ჩაკეტილს ხდის, რაც ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის რეკლამების გარეშე ნავიგაციას უფრო რთულს გახდის.