ტულსი გაბარდი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს. გაბარდმა გადაწყვეტილების შესახებ პარასკევს, პრეზიდენტის სახელზე დაწერილ წერილში განაცხადა.

თანამდებობიდან წასვლის ოფიციალურ მიზეზად მისი მეუღლის, აბრაამ უილიამსის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა სახელდება. როგორც გაბარდი წერს, მის მეუღლეს ძვლის კიბოს უიშვიათესი ფორმა დაუდგინდა.

„სინდისი არ მაძლევს უფლებას, მას ამ რთულ ბრძოლაში მარტო ვუყურო, მაშინ როცა თავად ამ მოთხოვნად და დროს წამღებ პოზიციას ვიკავებ“, — ნათქვამია განცხადებაში.

გაბარდის უფლებამოსილება ოფიციალურად 30 ივნისს დასრულდება. დონალდ ტრამპმა ინფორმაცია დაადასტურა და სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ გაბარდმა „წარმოუდგენელი სამუშაო გასწია“ და მისი ადმინისტრაცია „მოგენატრებათ“.

ტრამპის განცხადებით, ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობას დროებით აარონ ლუკასი შეასრულებს, რომელიც აქამდე გაბარდის მთავარი მოადგილე იყო.

დაძაბული ურთიერთობები და პოლიტიკური კარიერა

ტულსი გაბარდი, რომელიც წარსულში ჰავაის შტატის დემოკრატი კონგრესმენი იყო, მოგვიანებით რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა. მან ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის პოსტი ტრამპის მეორე ვადის დაწყებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში დაიკავა.

მისი მმართველობის პერიოდი გამოირჩეოდა ადმინისტრაციის შიგნით არსებული უთანხმოებებით. გაბარდი არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, მათ შორის პრეზიდენტთან დაპირისპირების გამო, რაც ხშირად საჯარო სივრცეშიც იკვეთებოდა.

შარშან, ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო დარტყმის განხილვისას, გაბარდმა გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც საუბარი იყო „ომის გამჩაღებლებზე“, რომლებიც დაძაბულობას აღვივებენ. აღნიშნულმა განცხადებამ ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია.

გაბარდი ასევე გააკრიტიკეს იანვრის ბოლოს, როდესაც ის გამოჩნდა FBI-ის მიერ ჯორჯიის საარჩევნო ოფისში ჩატარებული რეიდის დროს, სადაც 2020 წლის არჩევნების ჩანაწერები ამოიღეს.

საკადრო ცვლილებები ადმინისტრაციაში

გაბარდის გადადგომა ტრამპის ადმინისტრაციაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების სერიის ნაწილია. მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თანამდებობა დატოვეს ან გაათავისუფლეს მაღალი რანგის რამდენიმე ჩინოვნიკი:

  • შრომის მდივანი ლორი ჩავეს-დერემერი კერძო სექტორში გადასვლის მიზნით გადადგა.
  • იუსტიციის მინისტრი პემ ბონდი პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
  • შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კრისტი ნოემი მარტში დაითხოვეს.