აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში 30 ივნისიდან შევა.

გაბარდის თქმით, გადადგომის მიზეზი პირადი გარემოებებია. მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს ძვლის კიბოს იშვიათი ფორმა დაუდგინდა, რის გამოც იგი ვეღარ შეძლებს სახელმწიფო მოვალეობების შესრულებას. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეს გადაწყვეტილება ოვალურ კაბინეტში გამართულ პირად შეხვედრაზე უკვე აცნობა.

ზეწოლა თუ პირადი მიზეზები?

მიუხედავად გაბარდის მიერ დასახელებული პირადი მიზეზებისა, სააგენტო Reuters-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ტულსი გაბარდი თანამდებობიდან წასვლაზე თეთრმა სახლმა აიძულა.

გადადგომის წერილში გაბარდი ტრამპის მიმართ მადლიერებას გამოხატავს. იგი ხაზს უსვამს იმ ნდობას, რომელიც პრეზიდენტმა მის მიმართ გამოიჩინა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როდესაც გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისს ხელმძღვანელობდა.

უთანხმოება პრეზიდენტთან

დაძაბულობის შესახებ ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა. მიმდინარე წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ მიანიშნა, რომ გაბარდის პოლიტიკურ კურსს არ ეთანხმებოდა. კერძოდ, საუბარი შეეხო ირანის ბირთვულ ამბიციებს.

ტრამპმა მაშინ პირდაპირ განაცხადა, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორი ირანის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში მასთან შედარებით „ზედმეტად რბილი“ იყო. სწორედ ამ უთანხმოებამ გააჩინა ვარაუდი, რომ გაბარდის პოსტიდან წასვლა მხოლოდ ოჯახურ გარემოებებს არ უკავშირდება.