თბილისში, „ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი ABC“-ს აღმზრდელი დააკავეს. სამართალდამცავებმა გამოძიება ბავშვზე ძალადობის ფაქტზე დაიწყეს, რისი დამადასტურებელი ვიდეომასალაც უკვე საგამოძიებო უწყების ხელშია.
რა უძღოდა წინ დაკავებას?
საქმეში ოჯახის ჩართვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბავშვმა ბაღიდან დაბრუნებისას სხეულზე დაზიანებების აღნიშვნა დაიწყო. ბავშვის ბებიის თქმით, 2 წლის ბავშვს თითქმის ერთი თვის განმავლობაში აღენიშნებოდა ნაკაწრები და დაზიანებები.
ოჯახი ბაღის ადმინისტრაციისგან განმარტებებს ითხოვდა, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ ბავშვი თავს სათამაშოებით იზიანებდა. ადმინისტრაციამ ოჯახს კამერების ჩანაწერების ჩვენებაზე უარი განუცხადა და, საბოლოოდ, ბავშვის ბაღიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.
„ბოლომდე ვერ ვუყურე, როგორ ცემს და ათრევს თმებით ძიძა ჩემს შვილს. ბავშვს კისრით ათრევდა ეს მხეცი, თან ისე უჭერდა ფრჩხილებს, რომ სისხლი სდიოდა“, - აცხადებს ბავშვის დედა.
ბაღის პოზიცია
მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიცია ჩაერთო, ბაღის ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. მათ უარყვეს ბრალდება, თითქოს რეაგირება არ ჰქონიათ და განაცხადეს, რომ მტკიცებულებები თავად გადასცეს გამოძიებას.
ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა და უარყოფითი კომენტარები მოჰყვა. ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული, რომელსაც აღმზრდელს ედავებიან, სასჯელის სახით ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამართალდამცავები საქმის დეტალებს ამ ეტაპზეც სწავლობენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.