სასამართლო სხდომაზე, სადაც ალეკო ელისაშვილის საქმეს განიხილავდნენ, ხმაურიანი დაპირისპირება მოხდა. ბრალდებულმა ოპოზიციონერმა, რომელსაც სხდომათა დარბაზიდან საბადრაგო სამსახური აძევებდა, პატრიარქ შიო მესამეს მიმართა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მისი პოზიციის არარსებობა გააკრიტიკა.
„ერთი ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს ჩვენი პატრიარქი არაფერს, რაც ამ ქვეყანაში ხდება? ამდენი ადამიანი ციხეშია, ან ხალხს რომ აწამებენ, არ ეხება? მოზამბიკში ვარი?“ — განაცხადა ელისაშვილმა დარბაზიდან გაყვანის პროცესში.
მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ელისაშვილის გაძევების გადაწყვეტილება სასამართლოს შეურაცხყოფით ახსნა. ადვოკატის კითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო ბრალდებულის დარბაზიდან გაყვანა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი ეპიზოდით არ ყოფილა განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ სხდომის მსვლელობისას ელისაშვილმა მოსამართლის მისამართით ირონიული რეპლიკაც გააჟღერა, როდესაც მას შენიშვნა მისცეს: „გამისკდა გული, ისე შემეშინდა“.
ალეკო ელისაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი. საქმე ეხება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას, რაც, კანონმდებლობის თანახმად, 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ბრალდებულს ორ ეპიზოდს ედავება, რომლებიც ტერორისტული მიზნით ჩადენილ ქმედებებს, მათ შორის აფეთქების, ცეცხლის წაკიდებისა და ადამიანზე თავდასხმის მცდელობას მოიცავს. აღნიშნული ქმედებები, პროკურატურის მტკიცებით, ქმნიდა ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ან მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენების საფრთხეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.