თბილისის საქალაქო სასამართლოში, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე მიმდინარე სხდომა ხმაურით წარიმართა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდებული ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გააძევა. გადაწყვეტილების მიზეზად სასამართლოს უპატივცემულობა და შეურაცხყოფა დასახელდა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ელისაშვილი პროკურატურის მოწმეს, ექსპერტს კითხვებს უსვამდა. მოსამართლემ პოლიტიკოსს მოუწოდა, პირდაპირ კითხვაზე გადასულიყო, რასაც ელისაშვილის პროტესტი მოჰყვა. მისი თქმით, დასმულ კითხვას კონტექსტი სჭირდება და მოსამართლე მას აწყვეტინებს.

სხდომის მიმდინარეობისას ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე სუბიექტურობაში დაადანაშაულა. საპასუხოდ გიორგი გელაშვილმა აღნიშნა: „არც ერთი ბრალდებულისთვის მომითმენია ამდენი, რაც ამას ვუთმინე“.

აღსანიშნავია, რომ ელისაშვილი სასამართლო დარბაზიდან წინასასამართლო სხდომის ეტაპზეც გააძევეს. არსებითი განხილვის ეტაპზე მიღებული ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ მას განაჩენის გამოტანამდე სხდომებზე დასწრების უფლება აღარ ექნება.

რას ედავებიან პოლიტიკოსს?

ალეკო ელისაშვილს ბრალი ედება 2025 წლის 30 ნოემბერს თბილისის სასამართლოს შენობის დაწვის მცდელობაში. გამოძიების ვერსიით, გამთენიისას, 04:00 საათზე, ის შეიარაღებული მივიდა შენობასთან, ჩაამტვრია შუშა და შიგნით საწვავი მოასხა. პროკურატურის მტკიცებით, მას ხელი მანდატურებმა შეუშალეს, რომლებსაც ელისაშვილი, მათივე თქმით, ფიზიკურად დაუპირისპირდა.

სამართალდამცავების მტკიცებით, დაკავების პროცესში ელისაშვილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასაც ცდილობდა. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ბრალდება

მიმდინარე წლის 30 მარტს პოლიტიკოსს დამატებითი ბრალი წარუდგინეს. საქმე ეხება ტერორისტული აქტის მუხლს, რაც მოიცავს აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას ან ადამიანზე თავდასხმას, რომელიც სიცოცხლის მოსპობის ან მნიშვნელოვანი ზიანის საფრთხეს ქმნის. დაცვის მხარე კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი, ხოლო ელისაშვილი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.