ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International-მა საქართველოზე ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი სათაურით „რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერს.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო დამოუკიდებლობის შემდეგ უფლებრივი მდგომარეობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის. მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად სულ უფრო ხშირად მიმართავს ავტორიტარულ მეთოდებს.
ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ დეზინფორმაცია კრიტიკოსთა დისკრედიტაციის იარაღად აქცია. საპარლამენტო უმრავლესობამ რეპრესიული კანონები დაჩქარებული წესით მიიღო, ხოლო სასამართლო და პოლიცია ოპონენტების დევნის ინსტრუმენტებად გამოიყენა.
რეპრესიული კანონმდებლობა და ზეწოლა
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „უცხოური გავლენის“ შესახებ მიღებული კანონები სამოქალაქო სექტორს ფინანსურ და სამართლებრივ ზეწოლას უქმნის. შედეგად, მრავალი ორგანიზაცია იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა ან „გადარჩენის რეჟიმზე“ გადასულიყო. კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები კი დაშინებისა და დევნის მუდმივ საფრთხეში იმყოფებიან.
საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა
Amnesty International-ის ცნობით, საპროტესტო აქციების დროს პოლიცია სისტემატურად იყენებდა ძალადობას. მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების გამოყენება ხშირად გაფრთხილების გარეშე ხდებოდა.
სახალხო დამცველის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024–2025 წლებში დაკავებულთა 78–88 პროცენტი არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა. მხოლოდ 2024 წლის ნოემბერში 300-ზე მეტმა პირმა განაცხადა ფიზიკურ ძალადობაზე, ხოლო 80-ზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
„საქართველოს ბოლო სამი წლის გამოცდილება არის მწარე გაკვეთილი იმისა, თუ რა სწრაფად შეუძლია ხელისუფლებას სახელმწიფო ინსტიტუტების მძლავრ რეპრესიულ ინსტრუმენტად გადაქცევა“, - აცხადებს დენის კრივოშეევი, Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია სასამართლო სისტემის დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი. მოსამართლეები საპროტესტო აქციების მონაწილეებს თვითნებურად უფარდებენ ჯარიმებსა და პატიმრობას. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებლობა ფაქტობრივად არ დგება.
ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონები, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და უზრუნველყოს ძალადობის ყველა შემთხვევის დამოუკიდებელი გამოძიება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.