აშშ-ის მისურის შტატში მომხდარმა ავიაკატასტროფამ 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 11 პარაშუტისტი და ერთი პილოტია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თვითმფრინავმა აფრენის შემდეგ საჭირო სიმაღლის აკრეფა ვერ შეძლო. ამის შემდეგ ხომალდმა მკვეთრად მარცხნივ გადაუხვია და აეროპორტიდან დაახლოებით 183 მეტრის მოშორებით მიწას შეეჯახა.
ბეიტსის ოლქის შერიფმა, ჩედ ანდერსონმა პრესკონფერენციაზე მომხდარს „მასობრივი მსხვერპლის ინციდენტი“ უწოდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ, რომლებიც ტერიტორიას ამოწმებენ. მათი მიზანია დაადგინონ, ხომ არ მოახერხა რომელიმე პარაშუტისტმა კატასტროფამდე თვითმფრინავიდან გადმოხტომა.
აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) მონაცემებით, კატასტროფა განიცადა Pacific Aerospace P750-ის ტიპის ერთძრავიანმა თვითმფრინავმა. ამ ეტაპზე ინციდენტის ზუსტი მიზეზი უცნობია.
სამართალდამცავები და საავიაციო ექსპერტები ფრენის მონაცემებსა და ტექნიკურ დეტალებს სწავლობენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რა გახდა ფატალური შედეგის მიზეზი.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.