ქალაქ რენის სასამართლომ აზერბაიჯანის ცხრა მოქალაქე დამნაშავედ ცნო დევნილი ბლოგერის, მაჰამად მირზალის მკვლელობის მცდელობის საქმეში. დანაშაული, რომელიც 2021 წლის მარტში ნანტში მოხდა, საფრანგეთის მართლმსაჯულებამ გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად შეაფასა.

მკაცრი განაჩენები

საქმის მთავარ ბრალდებულ ემინ გასიმოვს სასამართლომ 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას საფრანგეთში შესვლა სამუდამოდ აეკრძალა. სხვა ბრალდებულებს, მათ შორის როვშან გოჯაევს (25 წელი) და მეჰრაჯ ზარბალიევს (18 წელი), ასევე წლების განმავლობაში თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გოჯაევის განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანეს, რადგან ის ამჟამად იძებნება.

სასამართლომ ემინ ზამანზადას 15, ხოლო რზა მალიკოვს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დანარჩენ სამ პირს 5 წლამდე პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ფაიგ ფაშაზადა მტკიცებულებების არარსებობის გამო გაამართლეს.

პოლიტიკური დევნა და მუქარა

მაჰამად მირზალი, რომელიც საფრანგეთში პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს, აზერბაიჯანის ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით არის ცნობილი. მან განაცხადა, რომ თავდასხმის უკან მაღალი თანამდებობის პირები დგანან. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ჩანაწერებით, გასიმოვი ბიძასთან საუბარში ახსენებდა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრს და SOCAR-თან დაკავშირებულ პირებს.

სასამართლო პროცესის დროს ემინ გასიმოვი აგრესიულად იქცეოდა და ღიად ემუქრებოდა მირზალის, ფრანგულ მართლმსაჯულებას კი შეურაცხმყოფელი რეპლიკებით შეხვდა.

„მათ სურდათ, მირზალი დღისით, ქალაქის ცენტრში, საჯაროდ მოეკვეთათ თავი, რათა ეს გზავნილი გამხდარიყო მთელი ევროპის მასშტაბით მცხოვრები დისიდენტებისთვის“, – აღნიშნა მოსამართლემ.

თავად მირზალი აცხადებს, რომ განაჩენმა გარკვეული შვება მოუტანა, თუმცა მისი ცხოვრება 2021 წლის თავდასხმის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ის ამჟამად მუდმივი პოლიციური დაცვის ქვეშ იმყოფება და თავს დაცულად ვერ გრძნობს.