ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი მონაკვეთი სრულფასოვან ექსპლუატაციაში შევიდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რეგიონული მასშტაბის ისტორიული მიღწევაა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და შუა დერეფნის ქვეყნების ეკონომიკურ კავშირებს სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს.
შეთანხმება საქართველოს სამთავრობო დელეგაციის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს ოქმს, რომელიც რკინიგზის შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. დოკუმენტს ხელი მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა, რაშად ნაბიევმა მოაწერეს.
ლოგისტიკური პოტენციალი და ჩინეთის ფაქტორი
ეკონომიკის მინისტრის თქმით, პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, მრავალი დაბრკოლების გამო ფერხდებოდა. თუმცა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო თანამშრომლობამ საშუალება მისცა მხარეებს, დარჩენილი სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაესრულებინათ. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთისთვისაც, რადგან ის აძლიერებს სავაჭრო მარშრუტებს ევროპისა და აზიის მიმართულებით.
სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა
ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განახლებაა. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი რეისი 26 მაისს შესრულდება. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს ნაბიჯი პირდაპირ აისახება ტურიზმის სექტორსა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ექვსი წლის შემდეგ ლიდერებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის სამგზავრო მატარებლები კვლავ იმოძრავებენ. აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია ტურიზმის კუთხით და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადებს“, — აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სახმელეთო საზღვრების შეზღუდვის პირობებში, დედაქალაქებს შორის კავშირი მხოლოდ საჰაერო გზით იყო შესაძლებელი. რკინიგზით მგზავრობის აღდგენა ამ დეფიციტს შეავსებს და მოქალაქეებისთვის გადაადგილებას გაამარტივებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.