რუსეთის ხელისუფლება მეორე დღეა არ ასაჯაროებს მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულის ვინაობას. ინციდენტი 9 ივნისს დილით მოხდა, როდესაც BMW Х3 მარკის ავტომობილი აფეთქდა.

ადგილი, სადაც აფეთქება მოხდა, სამხედრო მოსამსახურეებით მჭიდროდ დასახლებული რაიონია. არაერთი რუსული და უკრაინული წყაროს თანახმად, ავტომანქანის მძღოლი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს უფროსი, დამირ დავიდოვი იყო.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა, თუმცა უწყებას არ დაუკონკრეტებია, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

საკითხზე კომენტარი 10 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა გააკეთა. მან დაღუპულის ვინაობის დასახელებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ დეტალები მიმდინარე გამოძიების გამო გასაჯაროებას არ ექვემდებარება. პესკოვის თქმით, საკითხი სპეცსამსახურების კომპეტენციაა და მომხდარის შესახებ ვლადიმერ პუტინს უკვე მოახსენეს.

გამოცემა „აგენტსტვოს“ ცნობით, აფეთქების ადგილი სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. კოლდუნოვის ქუჩის ათ ნომერში მდებარე სახლთან მომხდარი შემთხვევა დაახლოებით 350 მეტრშია იმ ტერიტორიიდან, სადაც 2025 წლის აპრილში ანალოგიური მეთოდით გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი მოკლეს.

სისტემური თავდასხმები რუსეთის სამხედრო ელიტაზე

ბოლო წლებში რუსეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში სამხედრო მაღალჩინოსნებზე თავდასხმების სერია დაფიქსირდა:

  • 2024 წლის დეკემბერი: მოსკოვში, რიაზანის გამზირზე, აფეთქების შედეგად დაიღუპნენ რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაური იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე.
  • 2025 წლის დეკემბერი: მოსკოვში აფეთქების შედეგად ლიკვიდირებულ იქნა გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი.

რუსეთის ოფიციალური პირი ამ თავდასხმებში უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებს, თუმცა კიევი აღნიშნულ ბრალდებებზე კომენტარს ტრადიციულად არ აკეთებს.