ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი იწყება. საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ზემო არხის სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია განხორციელდება.
პროექტის დეტალები „საქართველოს მელიორაციის“ ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე განიხილეს. შეხვედრას კომპანიის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, მათ შორის პროექტის მენეჯერი ტრევორ დეივიდ ბემონტი და ირიგაციის ინჟინერი პრაჯეშ შრესტა ესწრებოდნენ.
მომზადების პროცესში „საქართველოს მელიორაციის“ ბოლნისის სერვისცენტრმა ადგილობრივ ფერმერებთან არაერთი კონსულტაცია გამართა. მიზანია, პროექტი მაქსიმალურად იყოს მორგებული როგორც საექსპლუატაციო სტანდარტებს, ისე ფერმერების რეალურ საჭიროებებს.
რა შეიცვლება სარწყავ სისტემაში?
განახლებული სისტემა ტექნოლოგიურ სიახლეებს ეფუძნება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- ღია არხების ჩანაცვლება დახურული მილსადენების ქსელით;
- წნევის მარეგულირებელი სისტემების მოწყობა;
- სარწყავი ფართობების რეალურ დროში მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით;
- სათავე ნაგებობებისა და დიუკერების რეაბილიტაცია;
- პირდაპირი წყალგამშვებებისა და პირუტყვისთვის განკუთვნილი საწყურებლების მოწყობა მაგისტრალურ არხზე.
პროექტის დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაუმჯობესდება როგორც სარწყავი, ისე სადრენაჟე სისტემები. ეს ცვლილება მნიშვნელოვანი წინაპირობაა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდისა და მეურნეობების ეფექტურობის ამაღლებისთვის.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.