ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა და სამართალდამცავებმა 14 ივნისის ღამით ლა-მანშის სრუტეში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი Smyrtos-ი დააკავეს. ექვსსაათიანი ოპერაციის შედეგად, კამერუნის დროშით მცურავი გემი ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროსთან გადაიყვანეს, სადაც ის გამოძიების დასრულებამდე მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
Starboard Maritime Intelligence-ის მონაცემების მიხედვით, ტანკერის მოძრაობა ეჭვს იწვევდა. გემმა 5 ივნისიდან ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა (AIS) გამორთო. ფინეთის ყურეში ყოფნისას ის რუსეთის უსტ-ლუგის პორტში შევიდა, სადაც, სავარაუდოდ, ნავთობპროდუქტებით დაიტვირთა.
7 ივნისს Smyrtos-მა დგომის ადგილი დატოვა და ეგვიპტის პორტ საიდის მიმართულებით გაემართა. 11 ივნისს გემმა ბალტიის ზღვა გაიარა, თუმცა ლა-მანშის სრუტეში შესვლისთანავე ბრიტანულმა მხარემ მისი გადაკეტვა და დაკავება მოახდინა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, ეს კონკრეტული ტანკერი რუსული ნავთობის ექსპორტში 2025 წლის მარტიდან აქტიურად მონაწილეობს. გემი, რომელიც უკვე დიდი ხანია ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინისა და კანადის სანქციების სიაშია, ხშირად მოძრაობდა შორეული აღმოსავლეთის, კოზმინოს პორტის მარშრუტებზე.
რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ იყენებს. ეს სისტემა აერთიანებს 700-ზე მეტ გემს, რომელთა მფლობელებიც გაუმჭვირვალე სტრუქტურებს იყენებენ. სწორედ ამ ფლოტის მეშვეობით ხორციელდება რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 75%, რაც კრემლს საერთაშორისო შეზღუდვების არიდებაში ეხმარება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.