საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი დაიბარეს. შეხვედრა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან გაიმართა და მისი მთავარი განსახილველი საკითხი ბრიტანული მხარის მიერ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემ SILVAR-ის დასანქცირება იყო.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ბრიტანეთის საელჩოს მიერ გაკეთებული აქცენტი საქართველოზე მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების გავრცელებას და ქვეყნის ინტერესების დაზიანებას. სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი „მანიპულაციური ქმედებები“ ჩრდილს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.
სამინისტროს არგუმენტებით, გემი SILVAR საქართველოში შემოსვლისას არ იმყოფებოდა საერთაშორისო სანქციების ქვეშ. უწყების მტკიცებით, გემს გააჩნდა Lloyd’s Register-ის მოქმედი კლასი და მანამდე არაერთ საერთაშორისო პორტში, მათ შორის დანიაში, მალტასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, შეუფერხებლად იმოძრავა.
„საელჩოს განცხადებაში საქართველოს ხსენება მიუღებელია მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისას არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია. საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა იმოქმედეს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ქართული მხარე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ საქართველოში შემოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, გემმა დანიაში ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება გაიარა, რა დროსაც ხომალდი არ დაუკავებიათ. ეს, სამინისტროს შეფასებით, ადასტურებს გემის შესაბამისობას საერთაშორისო ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო შესყიდვების ჯაჭვების შეზღუდვას და „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის აღკვეთას. სიაში მოხვედრილი გემი SILVAR მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს ერთ-ერთ პორტში იმყოფებოდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.