საქართველოს საზღვარზე 22 წლის კანადელი ტურისტი საიმონ როვენსკი დააკავეს. მიზეზი ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სამკურნალო მედიკამენტი „ადერალი“ გახდა, რომელიც კანადელ სტუდენტს თან ჰქონდა.

დაკავება და ბრალდება

როვენსკი ვანკუვერიდან საქართველოში მეგობართან ერთად ტურისტული ვიზიტით ჩამოვიდა. საზღვრის კვეთისას, მებაჟეებმა ახალგაზრდას პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს, რის შემდეგაც ის გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ოჯახის ცნობით, სტუდენტს თან არ ჰქონდა მედიკამენტის ქართულად ნათარგმნი დანიშნულება, რის გამოც მედიკამენტი აკრძალულ ნივთიერებად ჩაითვალა.

სასამართლომ საიმონ როვენსკის ბრალი ორი მძიმე მუხლით წარუდგინა: დიდი ოდენობით კონტრაბანდა და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა. ქართული კანონმდებლობით, ამ მუხლებს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა გათვალისწინებს.

ოჯახის პოზიცია

დაკავებულის ოჯახი GoFundMe-ზე დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, საიმონმა არ იცოდა, რომ საქართველოში მედიკამენტის იმპორტი მკაცრად რეგულირდება და დეკლარაცია არ შეუვსია. ოჯახი აღნიშნავს, რომ მედიკამენტი კანადელი ექიმის მიერ იყო დანიშნული და ის საკუთარი საჭიროებისთვის გადაჰქონდა.

„საიმონი ციხეში მხოლოდ იმიტომაა, რომ თან დანიშნულება არ ჰქონდა. მის ოჯახს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება იურიდიული ხარჯებისა და შესაძლო ჯარიმისთვის“, - აცხადებენ ოჯახის წევრები.

სამართლებრივი პერსპექტივა

ადვოკატების განმარტებით, მსგავსი საქმეების პრაქტიკა ხშირად ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ჯარიმის გადახდას, რის შემდეგაც პირი პატიმრობიდან თავისუფლდება და ქვეყნიდან დეპორტაციას ექვემდებარება. თუმცა, ჯარიმის ოდენობა, სავარაუდოდ, 30 000-დან 45 000 დოლარამდე მერყეობს, რაც ოჯახისთვის მძიმე ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს.

ამ დროისთვის საიმონ როვენსკი განაჩენს ელოდება, რომელიც 25 ივნისს უნდა გამოცხადდეს. დაკავებულს შეზღუდული აქვს კომუნიკაცია, კვირაში მხოლოდ ერთხელ შეუძლია პირისპირ შეხვედრა, ხოლო სატელეფონო ზარი თვეში ერთხელ არის ნებადართული.