შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მიგრაციული პროცესების მართვის“ მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების ფართომასშტაბიანი პაკეტი წარადგინა. ახალი რეგულაციები უცხოელი მიგრანტების საქართველოში ყოფნის, სწავლისა და ბინადრობის პირობებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს.
ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უმაღლესი განათლების სფეროა. საგანმანათლებლო დაწესებულებებს უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტები დაუწესდებათ. მთავრობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტების პასუხისმგებლობის გაზრდას, რისთვისაც იქმნება „ერთიანი საინფორმაციო სისტემა“, სადაც უცხოელი სტუდენტების შესახებ დეტალური მონაცემები უნდა აიტვირთოს.
უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის დაწყება უფრო რთული გახდება: მათ მოუწევთ საერთაშორისო ენის სერტიფიკატის წარდგენა ან სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება. აღნიშნული ნაბიჯით სახელმწიფო ცდილობს გამორიცხოს ისეთი პროგრამებზე ჩარიცხვა, სადაც სტუდენტს შესაბამისი ენობრივი კომპეტენცია არ გააჩნია.
კანონმდებლობა ასევე აწესებს მკაცრ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას უნივერსიტეტებისთვის. წესების დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულებას შესაძლოა დაუწესდეს შეზღუდვები სტუდენტების მიღებაზე ან გაუუქმდეს ავტორიზაცია.
სასწავლო ბინადრობის ნებართვა მხოლოდ სრულწლოვან პირებზე გაიცემა და ის გაუქმდება აკადემიური მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის, შრომითი საქმიანობის პირობების დარღვევის ან ქვეყანაში არყოფნის შემთხვევაში.
ცვლილებები ეხება ფიქციურ ქორწინებებსაც. სპეციალური კომისია შეამოწმებს ქორწინების ნამდვილობას, ხოლო ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. დამნაშავეებს ემუქრებათ როგორც ჯარიმა, ისე ქვეყნიდან გაძევება ან თავისუფლების აღკვეთა.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილებების საჭიროება ევროკავშირში მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებამ განაპირობა. არსებობს მოლოდინი, რომ მიგრაციული ნაკადები შესაძლოა საქართველოსკენ გადმოინაცვლოს, რისთვისაც ქვეყანა მზად უნდა იყოს. პარალელურად, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების დამატებითი უფლებამოსილებები.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.