ექსპერტი დავით ჩიხელიძე გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, შესაძლოა, უკრაინის საკითხს დაუბრუნდეს. ჩიხელიძის შეფასებით, აღნიშნული პერსპექტივა ევროპელ ლიდერებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
ომის გაგრძელება თუ მშვიდობა?
ჩიხელიძის განცხადებით, ევროპის ლიდერებს შეშფოთების რეალური საფუძველი აქვთ. მისი თქმით, ევროკავშირი ფაქტობრივად აფინანსებს უკრაინელი ხალხის მკვლელობას, რადგან მათი ნაბიჯები კონფლიქტის ესკალაციას ემსახურება და არა ლოკალიზაციას.
ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამასთან, უკრაინისთვის გაწეული სამხედრო და ფინანსური დახმარება, ჩიხელიძის შეფასებით, ომის გაჭიანურებას უწყობს ხელს. მან ასევე აღნიშნა, რომ დახმარების ნაწილი კრედიტის სახით გაიცემა, რაც უკრაინას მომავალში მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება.
ტრამპი და ევროპის როლი
ჩიხელიძის მოსაზრებით, დონალდ ტრამპი ევროპით იმედგაცრუებულია, რადგან ირანის კონფლიქტის დროს ევროპამ აშშ-ის მხარდაჭერაზე უარი თქვა. მისი თქმით, ტრამპი ევროპაზე დომინაციის მოპოვებას შეეცდება, რათა ამ რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური როლი შეამციროს.
„ევრობიუროკრატების შეშფოთებაში კარგად იკითხება, რომ მათთვის ომი მომგებიანია. ომის შიშმა მათ ხელ-ფეხი გაუხსნა, რათა საკუთარ ქვეყნებში არაპოპულარული პოლიტიკა გაატარონ,“ — აცხადებს ჩიხელიძე.
ევროპაში გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა საზოგადოებრივი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმ გავლენას, რომელსაც ისინი ფლობენ.
ექსპერტის თქმით, ევროპაში დღეს რეალურად უმცირესობის მიერ უმრავლესობის მართვის პროცესია. მან იქვე დაამატა, რომ მსგავსი პოლიტიკური მოდელის დანერგვას ევროპული ძალები საქართველოშიც ცდილობდნენ, თუმცა ქვეყანამ ეროვნული ინტერესების დაცვა შეძლო.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.