Kodak-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, თუმცა ტექნიკურად საკამათო ციფრული ფოტოაპარატი, Charmera, ბაზარზე ახალი ვერსიით ბრუნდება. კომპანია Reto-მ, რომელიც Kodak-ის ბრენდს ლიცენზიით მართავს, წარადგინა Millennium Edition, რომელიც 2000-იანი წლების ესთეტიკითაა შთაგონებული.

მიუხედავად იმისა, რომ მოწყობილობა ფოტოგრაფიული შესაძლებლობებით ვერ დაიკვეხნის, ის პოპულარული გახდა თავისი დაბალი ფასითა და 1987 წლის საკულტო Kodak Fling-ის დიზაინით. ახალი, შვიდი განსხვავებული ვიზუალი 34.99 დოლარად გაიყიდება.

Millennium Edition არამხოლოდ გარე იერსახეს, არამედ პროგრამულ განახლებებსაც გვთავაზობს. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ შვიდი ფოტოფილტრითა და ოთხი ახალი რეტრო ჩარჩოთი, რომლებიც ფოტოს გადაღების მომენტშივე აქტიურდება. ძველ ვერსიაში ხელმისაწვდომი შავ-თეთრი და მაღალკონტრასტული ფილტრების გარდა, ახლა დაემატა მარჯნის, თაფლისფერი, ფირუზისფერი და იისფერი ტონები.

ტექნიკური მახასიათებლები უცვლელი დარჩა, რაც ბევრისთვის შესაძლოა იმედგაცრუების მიზეზი გახდეს. მოწყობილობა კვლავ 1.6-მეგაპიქსელიან სენსორს იყენებს და ფოტოებს 1,440x1,080 გარჩევადობით იღებს. ვიდეო ჩაწერა შესაძლებელია AVI ფორმატში, მაქსიმუმ 30 კადრი წამში. მიუხედავად იმისა, რომ 128GB-იანი microSD ბარათი ათასობით ფოტოს იტევს, სენსორის ხარისხი ჩამორჩება თუნდაც 2000-იანი წლების დასაწყისის სტანდარტებს.

Reto-ს პოზიციონირებით, Charmera არ არის პროფესიონალური ხელსაწყო, არამედ „ფოტოგრაფიული სათამაშოა“. თუმცა, მომავალში ბრენდს მეტი დასჭირდება, ვიდრე მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები, რათა მომხმარებლის ინტერესი შეინარჩუნოს.