დმანისის მუნიციპალიტეტში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამართალდამცველები მუშაობენ. დაზარალებული მეცხვარე, ნათიკ ინშაფალოევი, ჰყვება, რომ მას რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები ნიჩბებითა და ხელკეტებით დაესხა თავს.
ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მამაკაცს სხეულზე მრავლობითი სისხლნაჟღენთი და დაზიანებები აღენიშნება. ინშაფალოევის თქმით, თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხვრის ფარამ მოძრაობაში ხელი შეუშალა ავტომობილს, რომელშიც თავდამსხმელები ისხდნენ.
„სახლების გვერდზე დადის ცხვარი, მანქანა ხომ არ არის, ასფალტიდან რატომ უშვებ გვერდზეო - მეკითხებოდნენ. სანამ ცხვრის პატრონს დავურეკავდი, რომ დახმარებოდა, უკვე მცემეს“, - ამბობს დაზარალებული.
ინშაფალოევი იხსენებს, რომ თავდამსხმელების ჯგუფში ხუთი ადამიანი იყო, თუმცა მას სამი მათგანი გაუსწორდა. მისივე თქმით, პირველი დარტყმა თავის არეში მიიღო, რის შემდეგაც გონება დაკარგა. გონზე მოსულმა დაზარალებულმა დახმარებისთვის 112-ში დარეკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმის დეტალებს სამართალდამცველები სწავლობენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.