1 ივლისიდან რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ ეკატერინბურგიდან სოხუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
ავიამიმოსვლა კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას განხორციელდება. ეკატერინბურგის „კოლცოვოს“ აეროპორტის განრიგის მიხედვით, ამ მიმართულებით ფრენები ამ დრომდე არ სრულდებოდა.
„კოლცოვოს“ აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრე პასტუხოვმა, ახალი მარშრუტის დაწყება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა.
ფრენები აფხაზეთის მიმართულებით ეკატერინბურგიდან თანამედროვე ისტორიაში პირველად განხორციელდება, — განაცხადა ალექსანდრე პასტუხოვმა.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის აეროპორტმა 30-წლიანი პაუზის შემდეგ ფუნქციონირება გასული წლის 1 მაისს, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის დასრულებისთანავე განაახლა. აღნიშნული მარშრუტის ამოქმედება რუსული ავიაკომპანიისთვის რეგიონული მიმართულებების გაფართოების ნაწილია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.