თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილოები, მალკა და გრანდი, ყოველდღიურ რეჟიმში გერმანელ სპეციალისტ ტობიას დორნბუშთან ერთად მუშაობენ. ვიდეო მასალა გვიჩვენებს, თუ როგორ მიმდინარეობს მათი რუტინა და როგორ ცდილობენ სპეციალისტები ცხოველების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

ტობიას დორნბუში, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდა, სპილოების ქცევის მკვლევარია. მისი თქმით, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში სპილოების მიმართ მოპყრობა ხშირად სასტიკია, რაც პირდაპირ აისახება ცხოველების ფსიქიკურ მდგომარეობაზე.


მალკას ისტორია ლაოსის ველურ ბუნებაში იწყება. დაახლოებით ერთი წლის ასაკში ის დაიჭირეს და ტურისტულ ბანაკში გადაიყვანეს, სადაც მას დამორჩილებისა და მუშაობისთვის სპეციალური, ხშირად არაჰუმანური მეთოდებით წვრთნიდნენ. მალკას მაკონტროლებლები ჯაჭვებსა და სპეციალურ კაუჭებს იყენებდნენ.

ლაოსიდან მალკა ყაზახეთის ზოოპარკში აღმოჩნდა, 2001 წლიდან კი თბილისის ზოოპარკში ცხოვრობს. ხანგრძლივმა სტრესმა მალკას ქცევაზე კვალი დაამჩნია — მას განუვითარდა სტერეოტიპული ქცევა, რაც ადგილზე ქანქარისებურ მოძრაობებსა და ბიჯებში გამოიხატება. წლების წინ საზოგადოების ნაწილმა მალკას პირობების გამო პროტესტიც კი გამოთქვა და მისი გადაყვანის მოთხოვნით პეტიციაც შექმნა.

მალკას პარტნიორი, გრანდი, თბილისში 2014 წელს ერევნიდან ჩამოვიდა. გრანდმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე წლის წინ დაიმსახურა, როდესაც მას ეშვის ამოღების რთული ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ისტორია მოგვიანებით BBC-ის დოკუმენტურ სერიალშიც მოხვდა.

თბილისის ზოოპარკი, რომელიც 1927 წელს დაარსდა, თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონეა. თავდაპირველად ის ვერეს ხეობაში 70 ჰექტარზე იყო გაშენებული, თუმცა ქალაქის განვითარებამ და 2015 წლის 13 ივნისის დამანგრეველმა წყალდიდობამ ზოოპარკის ტერიტორია ხუთ ჰექტარამდე შეამცირა. დღეს აქ 1500-მდე ცხოველი ბინადრობს, თითოეულ მათგანს კი საკუთარი უნიკალური ისტორია აქვს.