ევროკომისია რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ვიზების გაცემის წესების შემდგომ გამკაცრებაზე მუშაობს. ინიციატივის მიზანი უსაფრთხოების იმ რისკების შემცირებაა, რომლებიც მესამე ქვეყნების მტრული ქმედებებით არის განპირობებული.
ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მიგრაციის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელი მარკუს ლამერტი ადასტურებს. მისი თქმით, ახალი შემზღუდველი ზომები, სავარაუდოდ, 2027 წელს ამოქმედდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვიზების გაცემის საკითხი კვლავ რჩება ცალკეული წევრი ქვეყნების პრეროგატივად, ამიტომ საუბარი სრულ აკრძალვაზე არ არის.
ინიციატივას წინ უძღოდა შენგენის ზონის 11 სახელმწიფოს — დანიის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ფინეთის, ჩეხეთის, შვედეთისა და ესტონეთის — ერთობლივი მიმართვა. ეს ქვეყნები ევროკომისიისგან სასწრაფო და სავალდებულო ზომების მიღებას ითხოვენ.
მიმართვის ავტორები აკრიტიკებენ ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს, რომლებიც კვლავ აქტიურად გასცემენ ტურისტულ ვიზებს. მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საფრანგეთმა 180 ათასამდე, იტალიამ 160 ათასამდე, ხოლო ესპანეთმა 100 ათასამდე ვიზა გასცა რუსეთის მოქალაქეებზე.
"უაღრესად შემაშფოთებელი სურათია, როცა სულ უფრო მეტი რუსი ტურისტი ისვენებს ევროპის პლაჟებსა და კურორტებზე, მაშინ, როცა რაკეტები და დრონები კვლავ თავს ესხმის უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას," - აღნიშნულია 11 ქვეყნის მიმართვაში.
ევროკომისიის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული შენგენის ვიზების რაოდენობა 4 მილიონიდან დაახლოებით ნახევარ მილიონამდე შემცირდა. ამასთან, 2022 წლიდან ევროკავშირმა გააუქმა ვიზების გაცემის გამარტივებული წესი, გაზარდა საფასური და პრაქტიკულად შეწყვიტა მრავალჯერადი ვიზების გაცემა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.