ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის არსებული ზღვრის შენარჩუნებას გეგმავს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრიუსელი უარს ამბობს ფასის ავტომატურ გადახედვაზე, რომელიც ზაფხულისთვის იყო დაგეგმილი. მიზეზი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ნაოსნობის პრობლემებია, რამაც ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა გამოიწვია.
არსებული მექანიზმის მიხედვით, ფასების ზრდამ შესაძლოა, რუსული ნავთობის ზღვრული ფასი ბარელზე 65 აშშ დოლარამდე აწიოს, რაც G7-ის მიერ შეთანხმებულ 60-დოლარიან ნიშნულს მნიშვნელოვნად აღემატება. სწორედ ამიტომ, ევროპელი ჩინოვნიკები განიხილავენ ვარიანტს, რომ ფასი 44,10 აშშ დოლარის დონეზე გაყინონ, ან ნებისმიერი მატება მაქსიმუმ 60 დოლარით შეზღუდონ.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტის ნაწილი იქნება, რომლის წარდგენაც ივნისის დასაწყისისთვის იგეგმება. ბრიუსელი მიზნად ისახავს, მოსკოვს ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მაქსიმალურად შეუმციროს.
სანქციების გაფართოება
ევროკავშირის ახალი ინიციატივა მხოლოდ ნავთობის ფასს არ ეხება. სანქციების მომავალი პაკეტი მიმართულია იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს შეზღუდვების გვერდის ავლით ეხმარებიან. კერძოდ, იგეგმება ახალი შეზღუდვების დაწესება:
- ბანკებისა და ნავთობით მოვაჭრე ფირმებისთვის;
- კრიპტოოპერატორებისთვის;
- მესამე ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიებისთვის, რომლებიც არღვევენ სანქციებს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“. საუბარია დაახლოებით 20 გემზე, რომლებიც რუსული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებას სანქციების გვერდის ავლით ახორციელებენ. მათი საქმიანობის შეზღუდვა ევროკავშირისთვის პრიორიტეტული ამოცანაა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.