ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა სომხეთს კატეგორიული მოთხოვნა წაუყენეს. ასტანაში გამართული სამიტის შემდეგ, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანს ოფიციალური განცხადება გადასცეს.

მათი მოთხოვნა მკაფიოა: სომხეთმა რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს და საზოგადოებას ჰკითხოს, სურს თუ არა ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლა, თუ კვლავ ევრაზიულ კავშირში დარჩენა. ეს ნაბიჯი ერევნისთვის ფაქტობრივი ულტიმატუმია.

მუქარა ერევნის მისამართით

სომხეთის ხელმძღვანელობა მოსკოვის ამ ინიციატივას ჯერჯერობით უარით პასუხობს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ ამის „ობიექტური აუცილებლობა“ დადგება.

თუმცა, ევრაზიული კავშირი დათმობას არ აპირებს. არსებული ინფორმაციით, 2026 წლის დეკემბერში დაგეგმილ მომდევნო სამიტზე, სომხეთის წევრობის საკითხი განხილვის მთავარი თემა იქნება. კავშირის მთავრობათაშორისი კომისია უკვე ამზადებს ანგარიშს იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რაც სომხეთისთვის ორგანიზაციიდან გარიცხვას მოჰყვება.

ეკონომიკური წნეხი და პოლიტიკური დისტანცირება

მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სომხეთმა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დასავლური ვექტორი აირჩია. რუსეთის გაღიზიანება 4-5 მაისს ერევანში გამართულმა სამიტებმა გამოიწვია, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ანტირუსული განცხადებებისთვის პლატფორმა“ დაუთმეს.

ეკონომიკური ზეწოლა უკვე დაწყებულია. რუსეთის „როსსელხოზნადზორი“ 30 მაისიდან კრძალავს სომხეთიდან მთელი რიგი პროდუქტების, მათ შორის პომიდვრის, კიტრის, წიწაკის და მარწყვის იმპორტს. მანამდე რუსეთმა შეზღუდა ყვავილების, ალკოჰოლური სასმელებისა და „ჯერმუკის“ მინერალური წყლის შეტანაც.

„სანამ ამის აუცილებლობა არ წარმოიშობა, ჩვენ ასეთ საკითხს არ დავაყენებთ“, — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა რეფერენდუმის თაობაზე.

სომხეთში 7 ივნისს არჩევნებია დაგეგმილი. ამ ფონზე, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გამოუცხადა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს დაძაბულობას მოსკოვსა და ერევანს შორის.