საფრანგეთის ქალაქ ევიანში 15-17 ივნისს „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტი იწყება. ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის პირველი საერთაშორისო მასშტაბის სამიტია თებერვლის ბოლოს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ.

არსებულმა ვითარებამ არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში შეცვალა უსაფრთხოების არქიტექტურა, არამედ ტრანსატლანტიკური ურთიერთობებიც მნიშვნელოვნად დაძაბა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, სამიტზე ეგვიპტის, საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები მიიწვია, რათა ომის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ერთობლივად განიხილონ.

სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კულუარულ შეხვედრას გამართავს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან. მხარეები განიხილავენ გეოპოლიტიკურ კრიზისებს და მათ გავლენას გლობალურ ვაჭრობაზე, ენერგეტიკასა და მიწოდების ჯაჭვებზე.

საუდის არაბეთის პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი, წინასწარ დაგეგმილი შეხვედრების გამო, სამიტს ვერ დაესწრება. თუმცა, G7-ის წევრებთან — აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, კანადასთან, გერმანიასთან, იტალიასთან, იაპონიასთან და საფრანგეთთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბრაზილიისა და ინდოეთის ლიდერებიც.

ემანუელ მაკრონი ევიანში კვირა საღამოს ჩავა, სხვა ლიდერებს კი ორშაბათს ელოდებიან. შეხვედრების დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია. ლიდერები იმსჯელებენ ირანში ომის დასრულების სტრატეგიებზე და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოების აღდგენაზე, რაც გლობალური ენერგომომარაგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.