საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მასპინძლობს. შეხვედრა საფრანგეთის კურორტ ევიანში გაიმართება.

გამოცემა Le Monde-ის ინფორმაციით, მაკრონმა მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ეგვიპტის, საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები მიიწვია. დიპლომატიური ძალისხმევა მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგების განხილვას.

სამიტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჰორმუზის სრუტის შესაძლო ჩაკეტვაა. ეს თემა პირდაპირ კავშირშია მსოფლიო ეკონომიკურ სტაბილურობასთან, რადგან ნავთობტრანსპორტირების შეფერხება საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას იწვევს. ასევე, ლიდერები იმსჯელებენ ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უკრაინის საკითხს. ემანუელ მაკრონის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობა სამიტში გადამწყვეტია უკრაინის მხარდაჭერის თაობაზე კონსენსუსის აღსადგენად. საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ G7-ის წევრებს შორის ამჟამად პოზიციათა სხვადასხვაობა ფიქსირდება, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიდგომებსაც უკავშირდება.

სამშაბათ დილას დაგეგმილი ეს შეხვედრა გლობალური პოლიტიკური მოთამაშეების მაქსიმალურ მობილიზებას გულისხმობს. მაკრონი ცდილობს, საერთო პლატფორმაზე გააერთიანოს დასავლეთის და ახლო აღმოსავლეთის ლიდერები, რათა რეგიონული კონფლიქტები და უკრაინის ომი ერთიანი სტრატეგიით განიხილონ.