საქართველოს საზღვრებზე მოქმედი TIR-პარკები, რომლებიც ტვირთმზიდი ავტომობილებისთვის სავალდებულო გაჩერების პუნქტებს წარმოადგენს, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მსხვილი დონორებისა და გავლენიანი პოლიტიკოსების კონტროლის ქვეშაა. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ამ სისტემას „ელიტური კორუფციის“ სქემად აფასებს.

კვლევის მიხედვით, 2014 წლიდან მოყოლებული, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სატვირთო ავტომობილი ვალდებულია, საზღვრის გადაკვეთამდე სპეციალურ ავტოსადგომზე შევიდეს. ოფიციალური დასაბუთება ელექტრონული რიგების მართვა და საცობების პრევენციაა, თუმცა რეალურად, ეს ბიზნესი მმართველი პარტიის გარშემო მყოფი პირებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა.

საქართველოში ამჟამად 35 ლიცენზირებული TIR-პარკი ფუნქციონირებს. თითოეულ ტრეილერზე დაწესებული მოსაკრებელი 80 ლარს შეადგენს. TI-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მძღოლები ამ თანხის სანაცვლოდ რეალურ მომსახურებას ვერ იღებენ, გარდა რიგში რეგისტრაციისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატრულის თანამშრომლები მათ საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ.

ვინ დგას მომგებიანი სქემის უკან?

ანალიტიკოსებმა 8 უმსხვილესი TIR-პარკის საკუთრების სტრუქტურა შეისწავლეს. დადგინდა, რომ მათთან დაკავშირებული პირები „ქართული ოცნების“ აქტიური დამფინანსებლები არიან და 2014 წლიდან მოყოლებული, პარტიასა და მის მხარდაჭერილ კანდიდატებს თითქმის 2 მილიონი ლარი შესწირეს.

  • სარფის საბაჟო: შპს „ფიგოილის“ 50%-ს პარლამენტის წევრი გიორგი ჭკონია ფლობს. მასთან დაკავშირებულმა პირებმა პარტიას 797 ათასი ლარი შესწირეს.
  • სადახლო და გუგუტი: შპს „გუგუტი ვერტექსი“ და „პარკი ვერტექსი“ ძმებ გიორგი და რომან აბრამიშვილებს ეკუთვნით. მათ კავშირი აქვთ თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და ყოფილ შს მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან. მათი შემოწირულობა 774 ათას ლარს აღწევს.
  • წითელი ხიდი: შპს „თირ პარკ მარნეული 2014“-ში წილებს ფლობდნენ ნათია ხვისტანი (ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე) და ოთარ ჩარტოლანი. მათ ჯამში 208 ათასი ლარი გადარიცხეს პარტიულ ანგარიშებზე.
  • ლაგოდეხი: შპს „ნიუ ჯორჯიას“ ყოფილმა თანამფლობელმა მინდია საბანაძემ 100 ათასი ლარი გაიღო პარტიის სასარგებლოდ.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეს სქემა სახელმწიფო რესურსის გამოყენების კლასიკური ნიმუშია, სადაც კანონმდებლობა ბიზნესს აიძულებს თანხები კერძო პირების ჯიბეში გადარიცხოს, სანაცვლოდ კი ეს უკანასკნელნი მმართველ ძალას პოლიტიკური ფინანსებით ამაგრებენ.