საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. ვიზიტი საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს უკავშირდება. დელეგაციამ რეგიონის ისტორიული და კულტურული ძეგლები მოინახულა.

აწყურის ტაძრის რესტავრაცია

პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მთავარი გაჩერება აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი იყო. აქ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ფინანსური მხარდაჭერითა და ძალისხმევით, ტაძრისა და აწყურის ციხის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

42 მეტრის სიმაღლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს ისტორიული ძეგლის პირვანდელი სახით აღდგენას და შენარჩუნებას.

მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, ფონდის ძალისხმევით, უკვე აღდგენილია 40-ზე მეტი ისტორიული ძეგლი. პარლამენტის წევრებმა ასევე დაათვალიერეს განახლებული აბასთუმანი და ადგილობრივი ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

„მოვილოცეთ და მოვინახულეთ ეკლესია-მონასტრები. მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნისთვის. 1700 წელი როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიის, როგორც ჩვენი ქვეყნის სულიერების და ეროვნული იდენტობის. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ ფაქტიურად, განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი გზა,“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ანტონ ობოლაშვილმა.

სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას და იმ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც ქვეყნის სულიერი იდენტობის გაძლიერებას ემსახურება.