თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ აქტივისტ გელა ხასაიასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გადაწყვეტილების თანახმად, ხასაია პატიმრობიდან მიმდინარე წლის სექტემბერში გათავისუფლდება.

საქმე ეხება 2025 წლის აგვისტოში დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას. გამოძიების ვერსიით, გელა ხასაიამ და ვასილ კერდიკოშვილმა რამაზ ჩადუნელი სცემეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა მაჯის მოტეხილობა მიიღო. სამართალდამცავებმა ხასაია ინციდენტიდან ერთი თვის თავზე, 29 სექტემბერს დააკავეს.

რა ითვალისწინებს შეთანხმება?

ბრალდების მხარე ხასაიასა და კერდიკოშვილს ჯგუფურად, განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებას ედავებოდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილი ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • ორივე ბრალდებულს სასამართლომ ერთი წლით რეალური პატიმრობა და სამი წლით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.
  • სასამართლომ გაითვალისწინა წინასწარი პატიმრობის შვიდთვიანი პერიოდი, რის გამოც ხასაიას საპატიმროში გატარებული დრო სექტემბერში ამოიწურება.

თავად აქტივისტი დაკავების დღიდან საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა, მისი მხარდამჭერები კი ბრალდებების ფაბრიკაციაზე საუბრობდნენ. სასამართლო პროცესზე ხასაია და კერდიკოშვილი აცხადებდნენ, რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ და დაზარალებულიც პირველად ნახეს.

ადვოკატის პოზიცია

გელა ხასაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ სოციალურ ქსელში განმარტა, რომ საპროცესო შეთანხმება იძულებითი ნაბიჯი იყო. მისი თქმით, დაცვის მხარეს არჩევანი „ხუთწლიან პატიმრობასა და ოთხთვიან დარჩენილ ვადას“ შორის ჰქონდა.

ადვოკატის განცხადებით, ვასილ კერდიკოშვილი თავიდანვე ცდილობდა პროკურატურასთან შეთანხმებას და მზად იყო, საკუთარი ოჯახის წევრთან ერთად ხასაიას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა. ფურცელაძის შეფასებით, ეს გარიგება პროკურატურის მხრიდან საგამოძიებო ხარვეზების დაფარვის მცდელობაა.