საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილმა „სიძულვილის ენასთან ბრძოლის“ დეპარტამენტმა მუშაობის პირველივე კვირებში არაერთი მოქალაქე დააჯარიმა. უწყება საჯარო სივრცეში, მათ შორის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კომენტარებს აკვირდება და სამართალდარღვევის შემთხვევაში საქმეებს პირდაპირ სასამართლოში გზავნის.

მოქმედების დაწყებიდან ორ კვირაში დეპარტამენტმა უკვე 60-მდე საქმე გადაუგზავნა სასამართლო ინსტანციას. აღსანიშნავია, რომ ჯარიმები გამოიწერება ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც პოლიტიკოსები, რომელთა მისამართითაც კრიტიკული ან შეურაცხმყოფელი კომენტარები იწერება, შესაბამის უწყებას არ მიმართავენ.

პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მედიიდან შეიტყო მოქალაქე გიორგი გედენიძის დაჯარიმების შესახებ. გვარამიას თქმით, მას არც პიროვნება უცნობია და არც ის, თუ რა შინაარსის კომენტარი გახდა სანქციის მიზეზი. მან მომხდარს „აბსურდული“ უწოდა და დასვა კითხვა, როგორ შეიძლება სახელმწიფო იცავდეს მის ღირსებას მისივე თანხმობის გარეშე.

პოლიტიკოსების პოზიცია: „ეს ფარსია“

მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, ლევან სანიკიძესთან და გრიგოლ გეგელიასთან დაკავშირებითაც. ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ სამართალდამცავ ორგანოებში საჩივარი არ შეუტანიათ. გეგელიას თქმით, მას ბათუმის საქალაქო სასამართლოდან დაუკავშირდნენ და საქმის შესახებ მაშინ შეატყობინეს.

„რეჟიმი, რომელიც თავად იყენებს ტროლებს ოპონენტების წინააღმდეგ, ახლა ცდილობს დადგას ფარსი, თითქოს კანონს თანაბრად იცავს“, — განაცხადა გეგელიამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს ამ პროცესში მონაწილეობას.

თავის მხრივ, ლევან სანიკიძემ აღნიშნა, რომ სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ მომართული კამპანიები ხშირად ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი „ბოტების“ მეშვეობით ხორციელდება. მან სახელმწიფოს მიმართა კითხვით, თუ ვის სჭირდება ასეთი ტიპის „დაცვა“.

სამართლებრივი საფუძველი

შსს-ს განმარტებით, მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. უწყების იურისტის, სალომე კირიას განცხადებით, დარღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში პოლიცია თავად აგროვებს ინფორმაციას კონკრეტულ პირზე და იწყებს სამართალწარმოებას.

სასამართლოები მსგავსი საქმეებისთვის ადმინისტრაციულ კოდექსში არსებულ ორ მუხლს იყენებენ: წვრილმანი ხულიგნობა და სახელმწიფო თუ პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა. ეს უკანასკნელი მუხლი კანონმდებლობაში 2025 წლის თებერვალში დაემატა, რამაც კრიტიკოსების მხრიდან ცენზურის გაფართოების შესახებ შიშები გამოიწვია.