მიხეილ სააკაშვილის მიერ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაანონსებული ძირეული ცვლილებები და პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანის დასახელება პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებები იმპულსურია და ემსახურება არა პარტიის გაჯანსაღებას, არამედ დესტრუქციული პროცესების გაძლიერებას.
ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილი პარტიის ლიდერებს შორის არჩევანს იმ ნიშნით აკეთებს, თუ ვინ უფრო ეფექტურად შეძლებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესების მართვას. მისი თქმით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ თინა ბოკუჩავამ პარტიისთვის საკმარისი ძალისხმევა არ გაიღო, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანს მეტი რესურსი აქვს მიზნების მისაღწევად.
„ყოველთვის აღმოსავლეთის ჯორჯ ვაშინგტონს უწოდებდა თავს. მის მიმართ გამოხატული პოზიცია, რომ ის არის შუქურა, დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, საკუთარ თავთან მიმართებით რეალობაში აქვს გააზრებული. ასეთი წარმოდგენა აქვს და სწორად არ მიაჩნია, რომ მისი ბანერი მიტინგზე მოწინავე პოზიციაზე არ არის“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული ცვლილებების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ივლისში პარტიის თანამდებობის პირებს ვადა ეწურებათ და აუცილებელია ისეთი თავმჯდომარის არჩევა, რომელიც რეჟიმის ჩარევას გამორიცხავს.
სააკაშვილის მტკიცებით, ნანუკა ჟორჟოლიანს აქვს ის გამოცდილება და ხედვა, რომელიც პარტიის გამოწვევებთან გასამკლავებლად არის საჭირო. თავად ჟორჟოლიანის კანდიდატურა პარტიაში ჯერ კიდევ განხილვის საგანია, თუმცა სააკაშვილის ღია მხარდაჭერამ პროცესები დააჩქარა.
ოპოზიციური პარტიის შიგნით დაგეგმილი ეს ცვლილებები მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ექსტრემისტული პროცესების გააქტიურებას ემსახურება. ვოლსკის თქმით, სააკაშვილისთვის მთავარი კრიტერიუმი „დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში“ დაწინაურებაა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.