ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი, მერვე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი, მმართველი გუნდის შეფასებით, ტრადიციულ მოთხოვნებს იმეორებს და წინა ანგარიშების ანალოგიურია.
რეზოლუციაში კვლავ აქტუალურია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. გარდა ამისა, დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს, დააწესოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მთავრობის წევრების, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიმართ.
უვიზო რეჟიმის გადახედვის მოთხოვნა
ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პუნქტი ევროკომისიისთვის მიმართვას ეხება. ევროპარლამენტი ითხოვს მექანიზმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც უვიზო მიმოსვლა მხოლოდ განსაზღვრულ ჯგუფებს — აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს მოთხოვნა ქვეყნის დანარჩენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ფაქტობრივ გაუქმებას ნიშნავს. მმართველი გუნდის თქმით, ეს მიდგომა ცხადყოფს, რომ ევრობიუროკრატია იგნორირებას უკეთებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას.
„რევოლუციური სცენარის ახალი მიმართულება“
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი რეზოლუციას „რევოლუციური სცენარის“ გაგრძელებად მიიჩნევს. მისი განცხადებით, წინა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო, ამიტომ ახალი ფორმები იძებნება.
„ეს არის ფორმულირება, რომელიც არაფერს სხვა არ გამოხატავს. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, საზოგადოების დაპირისპირების სცენარი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დახვეწილი ფორმით, ეს გულისხმობს არა მხოლოდ სეგრეგაციას, არამედ დაპირისპირების ახალი ფორმატების შექმნას“, — განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, რეზოლუციის მიზანია იმ პირების დასჯა, რომლებიც არ ემორჩილებიან ევროპარლამენტარების, მათ შორის მარტა კოსის, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს მითითებებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.