გიორგი გამსახურდიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ფსევდო-ოპოზიციისა და მათი პატრონების განსაკუთრებული დარტყმის ობიექტია. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ავტორიტეტია.
გამსახურდია სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ სწორედ ივანიშვილის პოლიტიკამ მოუტანა საქართველოს 14-წლიანი სტაბილურობა. მისივე თქმით, ამ პოლიტიკამ ქვეყნის სუვერენიტეტი უმაღლეს ნიშნულზე აიყვანა.
„დიახ, ბიძინა არის მთავარი ავტორიტეტი და პოლიტიკის შემქმნელი. ეს უნდა იცოდეს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ“, - წერს გამსახურდია. მან დაამატა, რომ ივანიშვილი დღევანდელი ყველა პოზიტიური მოვლენის არქიტექტორია.
გამსახურდიამ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებებზეც. მისი თქმით, ზოგიერთმა პრემიერის შეფასებებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით „წუნი დაუდო“, თუმცა თავადაც კარგად იციან, რომ ეს რეალობაა.
„დიახაც, მთავარი პოლიტიკური საკითხები თანხმდება და უნდა შეთანხმდეს ბიძინა ივანიშვილთან. ერთი მარტივი მიზეზის გამო: ის არის პოზიტიური მოვლენების შემოქმედი და მას მიიჩნევენ ავტორიტეტად“, - აცხადებს გამსახურდია.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში გამსახურდიამ ოპონენტებსაც მიმართა. მან ირონიულად აღნიშნა, რომ ოპოზიციასაც შეუძლია ჰყავდეს საკუთარი ავტორიტეტები.
„თქვენც, როცა მოხვალთ ხელისუფლებაში, როდინობის კვირაში, თქვენც გყავდეთ თქვენი ავტორიტეტი, ზურა გირჩი, ან კიდევ ვინმე მსგავსი. ვინ გიშლით?“ - წერს გიორგი გამსახურდია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.